საზოგადოება
მითები ევროპაზე – "ერთნაირსქესიანთა ქორწინება"
FaceBook
ევროკავშირის მიმართ არსებულ მითოლოგიაში "წამყვან"  პოზიციას იკავებს მითი ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების თაობაზე.

მითი – ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს. 

სინამდვილე
–  ევროკავშირის მხრიდან არ არსებობს არანაირი მოთხოვნა, რომელიც რომელიმე ქვეყანას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დაავალდებულებს.

ამაზე არ საუბრობს "ასოცირების შესახებ შეთანხმება",  იგი ერთსქესიანი ქორწინების საკითხს საერთოდ არ უკავშირდება.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ ევროკავშირის მმართველი ორგანოებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპეტენციები ერთმანეთისგან გამიჯნულია. ევროკავშირის კომპეტენციას წარმოადგენს ვაჭრობასთან, საბაჟოსთან და მსგავს სფეროებთან დაკავშირებული საკითხები. ქორწინება და ამ ტიპის საკითხები კი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების დამოუკიდებლად გადასაწყვეტია.

"ევროკავშირს არასდროს განუხილავს წევრ სახელმწიფოებში ან წევრობის კანდიდატ ქვეყნებში ერთნაირსქესიანი ქორწინების აღიარების საჭიროება", – ამბობს იურისტი გიორგი ნონიაშვილი.

მითუმეტეს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სხვადასხვა მიდგომა არსებობს ქორწინების და ერთნაირსქესიან პირებს შორის თანაცხოვრების საკითხებზე.

"ევროკავშირის წევრ ქვეყანებში არსებობენ ისეთებიც, სადაც ქორწინება დაშვებულია ნებისმიერი მონოგამიური ტიპის წყვილისთვის, იქ სადაც თანაცხოვრება აღიარებულია (სამოქალაქო პარტნიორობის ინსტიტუტი) სამართლებრივად. თუმცა, მათზე ქორწინების ინსტიტუტი არ ვრცელდება და იქ, სადაც აკრძალულია ერთნაირსქესიანთა პირების ქორწინება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ქვეყნებს ავალდებულებს ჰომოსექსუალი წყვილის თანაცხოვრების სამართლებრივ აღიარებას. ეს, თავის მხრივ,  გულისხმობს მათ შორის სამოქალაქო, ქონებრივი და არაქონებრივი ურთიერთობის დარეგულირებას (მგ. ქონების გაყოფა, ქონების მიღება, პატიმრის მონახულების უფლება და ა.შ.)",  – აღნიშნავს გიორგი ნონიაშვილი.

ერთადერთი, რასაც ასოცირების შეთანხმება და შესაბამისად, ევროკავშირი ავალდებულებს ქართულ მხარეს ეს უმცირესობების უფლებების დაცვა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის აუცილებლობაა.

ევროკავშირი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვს – მითია და საერთო არაფერი აქვს რეალურ ვალდებულებებთან.

"მსგავსი მითების გავრცელება მხოლოდ იმ ჯგუფების ინტერესშია, რომელიც სიძულვილის საფუძვლით ცდილობს მიიღოს მხარდაჭერა და პოლიტიკური კაპიტალი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მითის გავრცელებას მთელს ევროპაში ახალისებს რუსეთის ხელისუფლება, რომელიც სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს ამ დეზინფორმაციით წალეკოს საინფორმაციო ველი. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო უკრაინასთან კონფლიქტი და ამ დროს წარმოებული მედია კამპანია ევროპის საწინააღმდეგოდ",  – მიაჩნია გიორგი ნონიაშვილს.
Print