საზოგადოება
დასაქმება იპოთეკის სანაცვლოდ
FaceBook
ქუთაისში, თითქმის ყოველი მეათე მამაკაცი სადისტრიბუციო სისტემის თანამშრომელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანის ქონება იპოთეკითაა დატვირთული.

სადისტრიბუციო ქსელში დასაქმება მხოლოდ უძრავი ქონების უზრუნველყოფით არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, კომპანია სამუშაოს მაძიებლით არ ინტერესდება. ფორმდება სანოტარო აქტი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი იპოთეკარი ხდება. ეს დასაქმებულის ერთგვარი ფინანსური გარანტიაა კომპანიის მიმართ.

იპოთეკის ხელშეკრულება სადისტრიბუციო სისტემის ორ თანამშრომელს ეხება: პრისეილერს, - რომელიც სხვა ვალდებულებებთან ერთად, სარეალიზაციო ქსელში არსებულ სავაჭრო ობიექტებთან ანგარიშსწორებასაც აწარმოებს და დისტრიბუტორს, - რომელიც მაღაზიებს პროდუქციით ამარაგებს და ნაღდი ანგარიშსწორებისას ფულთან წვდომა აქვს.

სამსახურის სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთული სახლები და მიწის ნაკვეთები, დამსაქმებლებს არაერთი დისტრიბუტორისთვის გაუყიდიათ.

დასაქმებულთა უძრავი ქონება ზოგჯერ კომპანიების უსამართლო სისტემას, ზოგჯერ თავად დისტრიბუტორთა უპასუხისმგებლობას ეწირება.

სამსახურში გაცვლილი ქონება

ლადო (სახელი შეცვლილია) სადისტრიბუციო კომპანიის ქუთაისის ერთ-ერთ ფილიალში დისტრიბუციის ქსელის პრესეილერად ოთხი წელი მუშაობდა. ყოველდღიური ცხრა საათიანი შრომის ანაზღაურებად თვის ბოლოს 800 ლარს იღებდა. ამბობს, რომ უსაქმოდ ყოფნას ასე ერჩია.

სამსახური ლადომ ოთხი თვის წინ დატოვა - კომპანიის მიერ უსამართლოდ თანხის დაკისრების გამო.

„ერთ-ერთ დამკვეთს 2000 ლარის ღირებულების პროდუქცია მივუტანე. შემდეგ ამ ადამიანმა თანხა არ გადამიხადა, გადამაგდო. ვალი მე გავისტუმრე. ასეთ დროს კომპანიას არ აინტერესებს რა შეგემთხვა. ყველაფერზე პასუხი თავად უნდა აგო და გატანილი პროდუქტის საფასური ჩააბარო. გიწევს ბევრი შრომა, ცოტა ანაზღაურება და დიდი ფსიქოლოგიური სტრესი. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ სხვებთან შედარებით, ჩემი შემთხვევა ზღაპარს ჰგავს. ზოგიერთი დისტრიბუტორი კომპანიებმა უსახლკაროდაც დატოვეს“ - გვიყვება ლადო.

უსახლკაროდ დამქირავებელმა ლადოს მეგობარი დისტრიბუტორიც დატოვა, რომლის სახლიც 17 ათას ლარად გაყიდა. მიზეზი აქაც ე.წ. გადაგდებაა.

სიტყვაზე ვენდე დამკვეთს და დიდი რაოდენობის პროდუქტი მივუტანე. თანხის ამოსაღებად რომ მივედი, მაღაზიის მეპატრონე საზღვარგარეთ გაქცეული დამხვდა. მე კი სახლი გამიყიდეს, რადგან დასაქმების სანაცვლოდ სახლი მქონდა იპოთეკით დატვირთული”, - გვიყვება 28 წლის ირაკლი, რომელიც უკვე ლადოს მსგავსად ყოფილი დისტრიბუტორია.

მაღაზიის პატიოსან სიტყვას ენდო თემურიც, რომელმაც 1800 ლარის ღირებულების სასურსათო პროდუქტი ქუთაისის ერთ-ერთ მაღაზიაში მიიტანა.

„ნისიად დავუტოვე. თანხის ამოღების დროს კი დაკეტილი დამხვდა მაღაზია, ჩაბარებული პროდუქტის თანხა კი - გადაუხდელი. კომპანიამ როცა გაიგო რაც მოხდა, პასუხი მე მომთხოვეს და არა მაღაზიის მეპატრონეს“, - ამბობს თემური.

დისტრიბუტორებს მაღაზიებისთვის პროდუქტის ნისიად დატოვებას თავად დამსაქმებელი კომპანიები ავალებენ. ამიტომ, ამ სფეროში პატიოსან სიტყვაზე ნდობა არა პირადი არჩევანი, არამედ სამუშაო პრინციპია.

„კომპანია მეუბნება, ნისიად დავტოვო პროდუქტები, მაგრამ ამ ნისიას მევალე გაგისტუმრებს თუ არა, იღბლის საქმეა. შენი იღბალი კი უფროსობას საერთოდ არ ანაღვლებთ. რამდენიმეჯერ დავიდე ვალები. ამიტომ სამსახური სხვების მსგავსად მივატოვე“, - ამბობს ნ.დ.

კომპანია დისტრიბუტორებს ყოველთვიურად უსაზღვრავს სავალდებულოდ გასაყიდი პროდუქციის რაოდენობას. აქედან მხოლოდ გარკვეული ნაწილის დატოვება შეუძლიათ ნისიად. მომმარაგებლები გეგმის შესრულების მიზნით, იძულებულები არიან, თვის ბოლოს გადასახდელი პროდუქციის რაოდენობა გაზარდონ. სხვა შემთხვევაში, გეგმას ვერ შეასრულებენ და სამსახურს დაკარგავენ.

“დისტრიბუტორი მეტი პროდუქციის რეალიზებისა და მეტი თანხის მიღებისთვის იძულებულია თავის თავზე აიღოს მაღაზიისთვის იმაზე მეტი პროდუქციის ნიასიად დატოვება, ვიდრე ამას ეუბნება ზემდგომი. თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია მაღაზიის მეპატრონესთან ზეპირ შეთანხმებაზე, რომ ფულს მისცემს, რაც ხშირ შემთხვევაში არ სრულდება. დაზარალებული დისტრიბუტორი გამოდის, რომელსაც თავად უწევს თანხის გადახდა კომპანიისთვის,” - ამბობს ერთ-ერთი დისტრიბუტორი.

ლადოსგან განსხვავებით, ბევრი დისტრიბუტორი სამსახურს ვერ ტოვებს. მათ იციან, რომ შესაძლოა აღებული ხელფასი ვალად ექცეთ, თუმცა, ვიდრე „ურემი გადაბრუნდება“ ოჯახების რჩენას ამ გზით ფიქრობენ.

„გიხსნიან, რომ თუ კარგად იმუშავებ დაწინაურდები, რასაც მოჰყვება ხელფასის მატება. ვიდრე რეალობის აზრზე მოხვალ, გიხარია. ამიტომ არც არავინ აკვირდება ხელშეკრულებას, რომელსაც გვეუბნებიან, რომ უბრალოდ გარანტიისთვის გვიფორმებენ“, - ამბობს ლადო.

„საიდუმლო“ ხელშეკრულება

დისტრიბუტორების “საგარანტიო“ დოკუმენტი, რეალურად ორი სახის ხელშეკრულებაა. დამსაქმებელ-დასაქმებულს შორის ჯერ იპოთეკის ხელშეკრულება ფორმდება:

„შპს დირექტორი ხ.კ შემდგომში იპოთეკარი და ლ.დ შემდგომში მესაკუთრე/დასაქმებული შეთანხმდნენ და დადეს ხელშეკრულება შემდეგზე - მესაკუთრე იპოთეკის საგნით უზრუნველყოფს იპოთეკარს (კრედიტორის მოთხოვნას), იმ შემთხვევაში თუ ლ.დ დაარღვევს შრომითი ხელშეკრულების პირობებს და კომპანიას მიაყენებს მატერიალურ ზიანს, დააზიანებს შრომითი ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემულ ინვენტარს, სხვა მატერიალურ ქონებას, არ დაფარავს კომპანიის წინაშე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაკისრებულ მოვალეობებს, ან დადგება თუნდაც ერთ-ერთი ამ გარემოებათაგანი, მესაკუთრე იპოთეკის საგნით უზრუნველყოფს რეალიზაციაზე გაწეული ხარჯების ანაზრაურებას“.

შემდეგ კი შრომითი ხელშეკრულება იდება, სადაც დამსაქმებელი სამუშაო პირობებს ადგენს.

იერარქია - დისტრიბუციაში

დისტრიბურციის სისტემაში ყველაზე “დაჩაგრული” რგოლია - მომმარაგებელი და პრისეილერი, რადგან სამსახურის სანაცლოდ უძრავი ქონებით უზრუნველყოფის ვალდებულება მხოლოდ მათზე ვრცელდება.

მთავარი შეხება ფულთან პრისეილერს აქვს. მათ ევალებათ მაღაზიებიდან შეკვეთების მიღება და ფულის ამოღება.

დისტრიბუტორებს, ანუ მომმარაგებლებს მაღაზიებში შეკვეთილი პროდუქცია მიაქვთ. მომმარაგებელი პრისეილერის ქვედა რგოლია.

ამ ორ პოზიციაზე დასაქმებულებთან იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებით, კომპანია მოსალოდნელი რისკისგან თავს იცავს. ეს მათთვის იმის გარანტიაა, რომ დასაქმებული პროდუქციას დანიშნულების ადგილზე სრულად მიიტანს და ფულს არ მიითვისებს.

პრისეილერის ზემდგომი - ვაიზერია. მას თავისი სუპერვაიზერი ჰყავს და ასე ადის სადისტრიბუციო ქსელის მენეჯერამდე. სწორედ ის საზღვრავს ყოველთვიურად შესასრულებელ გეგმას, მაგრამ პასუხს საკუთარი ქონებით, არაფერზე აგებს.

კეთილსინდისიერები და არაკეთილსინდისიერები

არსებობს სადისტრიბუციო კომპანიები, სადაც დასაქმებულებს იპოთეკის ხელშეკრულებას არ უდებენ და თანხის ამოღების განსხვავებული მექანიზმი აქვთ. ქუთაისში, ასეთი წესით მხოლოდ ერთი კომპანიის ფილიალი მუშაობს.

„მათ ჰყავთ სპეციალურად შექმნილი ამომღები ჯგუფი. მაგალითად, როდესაც კომპანიამ იცის, რომ დასაქმებულს არაფერი დაუშავებია, თვითონ ჯგუფი მიდის მაღაზიაში, ან კერძო პირთან, ვისაც პროდუქტები მიუტანეს და იბრუნებენ თანხას. ასეთი კომპანიები არ ექცევიან დისტრიბუტორებს უსამართლოდ. თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც თავად დისტრიბუტორები იქცევიან უსამართლოდ და ფულს პარავენ კომპანიას,“ - გვიყვება ერთ-ერთი ყოფილი დისტრიბუტორი კ. დ.

კომპანიის წარმომადგენელმა, რომელსაც განსხვავებული სადისტრიბუციო სისტემა აქვს, ამ საკითხზე საუბარი არ ისურვა. „ქუთაისიპოსტთან“ კომენტარი არც იმ კომპანიების ხელმძღვანელებმა გააკეთეს, ვინც დამსაქმებლებს იპოთეკის ხელშეკრულებას უფორმებს.

მაღაზიების მეპატრონეებისთვის უცხოა დისტრიბუტორთა პრობლემები. „თანხის მიღება-ამოღების მოგვარება ცენტრალიზებულად ხდება. ამაზე უფროსობა და კომპანიაა შეთანხმებული. ჩვენ არასდროს შეგვქმნია პრობლემა პროდუქტის მიღებაზე, დისტრიბუტორებთანაც აწყობილად ვმუშაობთ“, - გვიყვება შპს „დეილის“ ერთ-ერთი ქსელის მენეჯერი გიორგი გვანცელაძე.

სადისტრიბუციო კომპანიების მიერ დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებას და შრომით მიდგომებს უსამართლოდ აფასებენ იურისტები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის - ზაალ გორგიძეს თქმით, ამ დროს დამსაქმებელი დასაქმებულს კაბალურ პირობებზე აწერინებს ხელს.

„ქონების იპოთეკით დატვირთვა არ უკავშირდება სამუშაოს დაწყება-მიღებას. შრომითი ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსით და ასეთი რეგულაცია შრომის კოდექსში არ დევს. აქ, ადამიანის შრომითი უფლების შელახვაც ხდება. რადგანაც, თუ ვარ პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და არ მასაქმებენ იმიტომ, რომ არ მაქვს უძრავი ქონება, ამით სამუშაოზე მიღების წესიც ირღვევა“. ზაალ გორგიძის თქმით, საიას ქუთაისის ფილიალისთვის ამ პრობლემით არავის მიუმართავს.

სადისტრიბუციო კომპანიების მიერ დაწესებულ შრომით პირობებს აკრიტიკებენ საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებშიც.

„თუ გაქვს კერძო ბიზნესი, არ ნიშნავს ისე მოექცე დასაქმებულს, როგორც გინდა. ამგვარი გარიგება უკანონოა. ასეთი ხელშეკრულება კი მარტივი და იაფფასიანი. შრომის სამართლის პრინციპით სამსახურმა არ უნდა გააუარესოს დასაქმებულის მდგომარეობა. ეს დისკრიმინაციაცაა, რადგან სამსახურის მსურველს უწესებენ ქონებრივ ცენზს“, - ამბობს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი. ის აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია მზადაა, დისტრიბუტორთა უფლებები დაიცვას.

სადისტრიბუციო ქსელის უკვე ყოფილ თანამშრომლებს, საკუთარ პრობლემაზე ღიად საუბარი სამსახურის დატოვების შემდეგაც არ სურთ. როგორც „ქუთაისიპოსტისთვის“ არის ცნობილი, სამართლებრივი დავა არცერთ მათგანს არ წამოუწყია. ამიტომაც, დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვა და შრომითი კანონდარღვევის თავიდან აცილება, კვლავ კომპანიების ნებაზეა დამოკიდებული.

Print