ჯანდაცვა
გულის გაჩერება, რომელიც ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიკვდილს
FaceBook
თუკი ადამიანს გული ცემა შეუწყდა, ან სისხლის მიმოქცევა აღარ აქვს, ეს სიკვდილის დადგომის ფაქტს ჯერ კიდევ არ ნიშნავს.

კლინიკური სიკვდილი – სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გარდამავალი მდგომარეობაა. ის მაშინ იწყება, როცა გულის მუშაობა წყდება. კლინიკური სიკვდილის დროს ორგანიზმს სიცოცხლის ნიშნები არ ახასიათებს, არ ფიქსირდება გულის ცემა, გულს არა აქვს საკუთარი რითმის წარმოქმნის უნარი, შესაბამისად, სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში დარღვეულია.

ქუთაისში, კლინიკა "ლ.ჯ"–ის კრიტიკული მედიცინის განყოფილების გამგე, ქირურგი პაატა სირბილაძე განმარტავს, რომ ადეკვატური ჩარევის პირობებში, გულისა და ფილტვის რეანიმაციის შემთხვევაში, ეს პროცესი მეტ–ნაკლებად შექცევადია.

"ზოგადად, ითვლება, რომ წარმატებული რეანიმაციის დროს, გაცოცხლების ალბათობა 20 %–ია", – ამბობს პაატა სირბილაძე.
რეანიმაციული ღონისძიება სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ხანგრძლივობით ტარდება.

საქართველოში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებების პროტოკოლით, რეანიმაციულ ღონისძიებას პაციენტს, უიმედო მდგომარეობის შემთხვევაშიც, 40 – 45 წუთის განმავლობაში უტარებენ.

"თუ 45 წუთის განმავლობაში გულის მუშაობა არ აღდგა, შესაბამისად, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევაც არ აღდგება და ეს უკვე შეუქცევად პროცესს, ანუ სიკვდილს გამოიწვევს. თუმცა, ზოგჯერ ეს ელექტრო–იმპულსური ღონისძიება, შეიძლება, 2 წუთის შემდეგ წარმატებით დასრულდეს და ადამიანი დაუბრუნდეს ჩვეულ მდგომარეობას, ესეც შესაძლებელია", – განმარტავს პაატა სირბილაძე.

გულის მუშაობის აღდგენის შემთხვევაში ითვლება, რომ გულ–ფილტვის რეანიმაციის პროცესი კლინიკური სიკვდილის პერიოდი იყო, როცა გულის გაჩერება და შემდეგ კი მისი აღდგენა მოხდა. თუ გულის მუშაობა არ აღდგა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიოლოგიური ანუ ნამდვილი სიკვდილი დადგა.

"თავის ტვინში შეუქცევადი ცვლილებების განვითარებისთვის 5 წუთიც საკმარისია. თავის ტვინს სისხლის მიმოქცევის გარეშე 5 წუთზე მეტ ხანს გაჩერება არ შეუძლია, ამიტომ კარდიო–პულმონური რეანიმაცია გულის გაჩერებისთანავე უნდა დაიწყოს. ეს კი ხელოვნურად, გულის გარეგანი მასაჟით, ელექტრო – იმპულსური თერაპიითა და სხვა ხერხით უნდა ვცადოთ", –ამბობს პაატა სირბილაძე.

ექიმი აღნიშნავს, რომ საზოგადოებაში, ზოგადი განათლების ნაკლებობის გამო, ასეთი დახმარებების გაწევის ფაქტები იშვიათია. ქირურგი, მსგავსი შემხვევების დროს, სასიცოცხლო მნიშნვნელობის დახმარების გასაწევად, მოსახლეობას დაზარალებულისთვის შემდეგი დახმარებების აღმოჩენას ურჩევს.

"როდესაც ადამიანი კარგავს გონებას, მას ჰორიზონტალური მდგომარეობა უნდა მივცეთ. ამით პაციენტს ვაძლევთ საშუალებას ფეხებიდან, კიდურებიდან სისხლი წამოვიდეს თავის ტვინში. პაციენტის სასუნთქი გზების გამავლობა უნდა ვუზრუნველყოთ. თუ ეს პროცესი გარდამავალია, ვიზუალურად და სუბიექტურად ყველა შეამჩნევს, რომ დაზარალებულს გონება უბრუნდება," – ამბობს კლინიკა "ლ.ჯ"–ის კრიტიკული მედიცინის განყოფილების გამგე, ქირურგი პაატა სირბილაძე.

მისივე რჩევით, დაზარალებული ამ დროს არა დახშულ სივრცეში, არამედ სუფთა ჰაერზე უნდა იყოს. მის ირგვლივ ქაოსი დაუშველებლია. სასურველია პაციენტი დავაწვინოთ გვერდზე, რათა ენის ძირის ჩავარდნა არ მოხდეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სასუნთქი გზების დახშობა არ მოხდეს და მეორადი ჰაერის ნაკლებობამ გულის გაჩერება არ გამოიწვიოს.

Print