ჯანდაცვა
ქუთაისში მოქალაქეებს С ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარებისკენ მოუწოდებენ
FaceBook
С ჰეპატიტი მთელ მსოფლიოში გავრცელებული ღვიძლის კონტაგიოზური დაავადებაა, რომელსაც С ჰეპატიტის ვირუსით (HCV) ინფიცირება იწვევს.

დაავადებით მსოფლიოში ყოველწლიურად 3-4 მლნ ადამიანი ინფიცირდება. საქართველოში კი ამ ვირუსით 200 000–მდე პირი ცხოვრობს, რაც ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 6,7% შეადგენს.

სანდრო კ.–ს С ჰეპატიტი 50 წლის ასაკში აღმოაჩნდა. თუმცა, ის დაავადებას არ შეუშინდა და მალევე უფასო სკრინინგ პროგრამაში ჩაერთო. ორწლიანი მკურნალობის შემდეგ შეიტყო, რომ დაავადებისგან სრულიად განკურნებულია.

С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილში დაიწყო, რომლის ტესტის ჩატარება უფასოა, თუმცა დიაგნოსტიკურ კვლევებზე პაციენტებს თანხის ნაწილის გადახდა უწევთ. საკუთარი სახსრებით უნდა შეიძინონ, აგრეთვე, მკურნალობაში ჩართვის შემდეგ საჭირო მედიკამენტების და საკონტროლო ანალიზების თანხა.

სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პაციენტი დიაგნოსტიკური კვლევების მხოლოდ 30 %–ს იხდის, ხოლო ასეთი სტატუსის არ არსებობის შემთხვევაში, მას 70 %–ს გადახდა უწევს, დანარჩენს კი სახელმწიფო უნაზღაურებს.

ქუთაისში, „იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი“ ერთ–ერთია იმ 4 ადგილობრივი კლინიკიდან, სადაც მსურველებს С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ. კლინიკის მონაცემებით, 2015 წლიდან ამ დრომდე საქართველოს მასშტაბით, პროგრამით 5 ათასამდე პაციენტმა ისარგებლა, აქედან 95% ვირუსისგან სრულიად განიკურნა.

ცენტრში იმ მოქალაქეებს, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია სტომატოლოგთან ვიზიტი, გამოკვლევის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

„არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ნარკომანები იყვნენ, ან ჰქონდეთ სარისკო ქცევები. შემოწმება ყველასთვის სასარგებლოა. დაახლოებით 5% რჩება ალბათობა, რომ შეიძლება იყოს რეციდივი. თუმცა, შემოსულია ახალი მედიკამენტი, რომელიც ძლიერმოქმედია და შედეგები გაცილებით უკეთესი გვაქვს,“ – ამბობს „იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრის“ ექიმ–ინფექციონისტი, ნათია შავგულიძე.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი მოწმობის მქონე, ნესბისმიერ მოქალაქეს შეუძლია. რაც შეეხება რეგისტრაციის მისამართს, ამ მხრივ შეზღუდვა არ არსებობს. მათ შორის, არც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის.

С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტთა ანონიმურობა სრულიად დაცულია. ბენეფიციარების სამედიცინო ისტორიებზე მითითებულია არა მათი სახელი და გვარი, არამედ მხოლოდ ნომერი.

C ჰეპატიტის ვირუსი ჰეპატოტროპული ვირუსია, რომელსაც ღვიძლის უჯრედებისადმი მაღალი ტროპიზმი ახასიათებს. გადაცემის გზა კი, ძირითადად, სისხლთან, სისხლით ინფიცირებულ ინსტრუმენტებთან კონტაქტია.


Print