ახალი ამბები
სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის 2015–2016 წლებში ქუთაისში 5 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა
FaceBook
საქალაქო სასამართლოს მონაცემებით, 2015–2016 წლებში, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დარღვევის გამო, ქუთაისში 5 სამედიცინო დაწესებულება დაჯარიმდა.

სამართალდარღვევის გამო დაჯარიმებული სტაციონარებისა და სამედიცინო კლინიკების ჩამონათვალს, მათ მიერ გადახდილი ჯარიმის ოდენობის მითითებით, სასამართლო უწყება, კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით არ ახმაურებს.

"ინფორმაციის გადმოცემის შემხთხვევაში, შესაძლებელი იქნება საქმეში მონაწილე მხარის პირდაპირი იდენტიფიცირება, რაც თვით ამ მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, დაუშვებელია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას," – აღნიშნულია საქალაქო სასამრთლოს მიერ "ქუთაისიპოსტისთვის" მოწოდებულ წერილობით პასუხში.

ეროვნულ კანონმდებლობაში, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს, ერთადერთი დოკუმენტი, საქართველოს მთავრობის 2010 წლის #385 დადგენილება არეგულირებს.

ერთმანეთისაგან გამიჯნული მოზრდილთა და ბავშვთა პალატები, ფუნქციონირებადი ლიფტი, სავენტილაციო სისტემა, სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო სეგრეგაციის, შეგროვების , შენახვის, გატანისა და უტილიზაციის უზრუნველყოფა, უწყვეტი ელექტრო და წყალმომარაგება, ლაბორატორიული კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა 24 საათიან რეჟიმში – ეს ის მოთხოვნებია, რომელთაც მთავრობის დადგენილება არეგულირებს.

თუმცა, გარდა ამისა, სანებართვო პირობები სტაციონარებსა და კლინიკებში აპარატურასაც ეხება.

დოკუმენტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში აპარატურა 1998 წელზე ადრე გამოშვებული არ უნდა იყოს. ეს მოთხოვნა აუცილებლობას 2012 წლიდან წარმოადგენს.

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დარღვევისთვის ლიცენზირებული დაწესებულებები 5000 ლარით, სტაციონარები კი 10 000 ლარით ჯარიმდებიან.

ქუთაისიპოსტი დაინტერესდა რა მდგომარეობაა აპარატურის მხრივ ქალაქში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში და როგორ აისახება თანამედროვე ტექნიკის არქონა პაციენტების ჯანმრთელობაზე.



Print