ჯანდაცვა
ქუთაისში მოსწავლეთა 70%-ში პათოლოგიები გამოვლინდა
FaceBook
ქუთაისის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეთა 70%-ში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის პათოლოგიები გამოვლინდა. 8843 მოსწავლის პროფილაქტიკური კვლევები ქალაქში არსებულმა პოლიკლინიკებმა განახორციელეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიჯეტიდან 20 000 ლარი დაიხარჯა.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებს პროფილაქტიკური გამოკვლევები სხვადასხვა დაავადებების - სქოლიოზის, კრიპტორხიზის, თიაქარის და რეფრაქციის გამოსავლენად ჩაუტარდათ.
"ბავშვმა მითხრა, რომ სკოლაში ექიმმა ტანსაცმელი გახადა და შეამოწმა. თუმცა, ამ შემოწმების შედეგად რა გამოვლინდა, არაფერი უთქვამთ. კარგია ასეთი აქციის მოწყობა, მაგრამ პათოლოგიის შემთხვევაში მკურნალობაშიც შეღავათები რომ იყოს, უკეთესია. მკურნალობა ხომ ძალიან ძვირია," - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.
მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკველევის ჩატარებისთვის ქუთაისის მერიამ, გამარტივებული შესყიდვის გზით, ქალაქში მოქმედი 4 პოლიკლინიკა - #4, #3 ბავშვთა, #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და შპს "გგ" შეარჩია.
3300 მოსწავლის ჯანმრთელობა გამოიკვლიეს #1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსებმა, რაშიც კლინიკამ ბიუჯეტიდან 7316 ლარი მიიღო. ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი მიმინოშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნულ პროგრამას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ პროფილაქტიკის შედეგად გამოვლენილ პათოლოგიები, ხშირ შემთხვევაში მშობლების ყურადღების მიღმა რჩებიან, რაც მოგვიანებით სავალალო შედეგით სრუდება.
"პროგრამის შედეგად იმ მიმართულებით მოხდა გამოკვლევები, რასაც ბავშვთა ამ ასაკში საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია," - აცხადებს გიორგი მიმინოშვილი.
ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის ინფორმაციით, პროფიკლაქტიკური გამოკვლევები ქალაქის 38 საჯარო და 8 კერძო სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ. I და IV კლასის მოსწავლეებს - ქირურგიასა და ორთოპედიაში, ხოლო V და VI კლასელებს - ოფთალმოლოგიაში.
"სასწავლო წლის ბოლომდე მშობლები მიიღებენ ინფორმაციას გამოვლენილი პათოლოგიების შესახებ და მათ მიეცემათ რეკომენდაცია შემდგომი მკურნალობა ჩაუტარონ ბავშვებს," - აღნიშნა სამსახურის უფროსმა, გია ჩიჯავაძემ.
გამოკვლევების შედეგები მერიის სოციალურ სამსახურს ჯერჯერობით სრულად არ მიუღია. თუმცა, ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, მოსწავლეთა 70%-ში სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის პათოლოგიები გამოვლინდა.
დეა მანაგაძე
Print