განათლება
გამოცდაზე ორიენტირებული სწავლება და რეპეტიტორები „მთავარ როლში“
FaceBook
განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ცნებებსა და აქტივობებში მჭიდროდ დაიკავა ადგილი "რეპეტიტორისა" და "საგანში მომზადების" ცნებამ.

იგი დიდი ხანია ოფიციალური განათლების გვერდით არც თუ მეორეხარისხოვან ადგილს იკავებს.  რეპეტიტორის ინსტიტუტი თავისი მნიშვნელობით, რიგ შემთხვევაში, უტოლდება და ხანდახან აღემატება კიდეც განათლების ოფიციალურ კერებს.

რეპეტიტორს არაიშვიათად "მხსნელისა" და "პანაცეას" როლს აკისრებენ. მან, წესით, უნდა ამოავსოს მოსწავლის სწავლის პროცესში არსებული ხარვეზები, რაც განათლების სისტემის გაუმართავი მუშაობით თუ სხვა მიზეზებით ჩნდება.

რეპეტიტორთან ბავშვების მომზადებაზე ღიად საუბრობენ სკოლებში. მოსწავლემ რომ დაძლიოს, დაეწიოს, "ამოქაჩოს" ესა თუ ის საგანი, მშობელთა კრებაზეც რჩევის სახით შეიძლება გაიჟღეროს რეპეტიტორის აყვანის აუცილებლობამ.

15 წლის ნინო ოთხ მასწავლებელთან დადის. მისი თქმით, იმ საგნებში ემზადება, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე გამოადგება. ნინოს იურისტობა უნდა, რადგან მისი თქმით, კარგი და საჭირო პროფესიაა. "მომზადება მეხმარება სწავლაში, საჭირო გახდა დღეს, სხვანაირად რთულია მისაღები გამოცდების ჩაბარება", - ამბობს ნინო.

რეპეტიტორის მთავარი ფუნქციაც მოსწავლის გამოცდებისთვის მომზადებაა. გამოცდა კი კონკურენციას გულიხმობს, იმარჯვებს ის, ვინც უკეთ არის მომზდებული.
"პირველი - ეროვნული გამოცდები ერთადერთი კრიტერიუმია, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტები ერთმანეთს ეჯიბრებიან უმაღლესში ადგილის დასაკავებლად და სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად. მეორე, ამ გამოცდებზე, არავინ იცის, თუ რა შედეგი ექნება, რადგან ერთი მხრივ ნებისმიერი აბიტურიენტის შედეგი დამოკიდებულია მისი კონკურენტის შედეგებზე და ზოგადად, რაც არ უნდა კარგად მომზადებული იყოს თაობა, გამოცდების სირთულე მაინც ამ თაობას არის მორგებული. ეს ორი ფაქტორი იწვევს იმას, რომ იქ, სადაც მაღალი კონკურსია, შანსების მაქსიმალურად გაზრდისთვის რაციონალურია, რომ რაც შეიძლება დიდი დრო დაუთმო მომზადებას. ამიტომაც, სრულიად გასაგებია რეპეტიტორებთან სიარულის ინტერესი. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აბიტურიენტი სკოლაში კარგად სწავლობს, ზოგადად განათლებული და მოტივირებულია", - ამბობს განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია.

სადღეისოდ არა მხოლოდ რეპეტიტორი, არამედ სკოლა, მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი და მთელი საგანამანათელბლო სისტემა გამოცდებისთვის მზადების ერთ დიდ პროცესშია ჩართული. როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, საშუალო სკოლების უმეტესობაში საბაზო და საშუალო საფეხურებზე პრიორიტეტული საკითხი არა განათლების მიღება, სწავლა და შემეცნებაა, არამედ, უმეტესად და ძირითადად სწორედ გამოცდების კარგად ჩაბარება.

არსებულ განათლების სისტემაში მასწავლებლები უმეტესად ფორმალური განათლების გაცემით, კრედიტების დაგროვებით და სხვადასხვა ბიუროკრატიით არიან დავებული. ბევრისთვის მთავარი საქმიანობა გაკვეთილების შემდეგ უკვე რეპეტიტორის როლში ცოდნის გაზიარებაა.

რეპეტიტორი თითქოს დამხმარე ინსტრუმენტია. თუმცა, რიგ შემთხვევაში, დამხმარე გადაიქცევა ძირითად ღერძად და სკოლაში სწავლა, განსაკუთრებით საშუალო საფეხურზე, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს იღებს. სიმძიმის ცენტრი რეპეტიტორის სამუშაოზე მოდის.

"რეპეტიტორებმა იციან რა ტიპის მასალა იქნება ეროვნულ გამოცდებზე. რა ტიპის ამოცანა, განტოლება, გრამატიკული სავარჯოშო და ა.შ. აბიტურიენტებმაც ეს კონკრეტული სავარჯიშოები იციან, შეიძლება მაღალი ქულებიც აიღონ, მაგრამ შემდეგ სწავლა უჭირთ, იმიტომ რომ ამ საგნის, მეცნიერების არსში ვერ ერკვევიან, არა აქვთ ზოგადი წარმოდგენა და ცოდნა", - ამბობს ფილოლოგი მაია ჯოლბორდი.

არადა სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ხარისხიანი სწავლება არ ნიშნავს გამოცდებისთვის მზადებას. აქცენტების ამგვარი დასმა მთავარს , ძირეულს, მნიშვნელოვანსა და ფუნდამენტურს აცილებს ბავშვს. განათლების საკითხებთან ამგვარი მიდგომა საშუალებას არ აძლევს მოსწავლეს მიიღოს განათლება, ამ სიტყვის ფართო გაგებით.

"სკოლა, რომელშიც მოსწავლე მაღალი ხარისხის განათლებას აძლევს, ნაკლებად არის ორიენტირებული გამოცდებისთვის მომზადებაზე. ასეთ სკოლაში მოსწავლეები ფართო განათლებას იღებენ, სწავლობენ ქცევას, ყალიბდებიან პიროვნებებად, ივითარებენ საკუთარ ინტერესებს, ამყარებენ სოციალურ კავშირებს, როგორც თავიანთი სკოლის, ისე მის ფარგლებს გარეთ. მაღალი ხარისხის განათლება არათუ ეხმარება, ზოგ შემთხვევაში "ხელს უშლის" კიდეც გამოცდებისთვის მომზადებას. გამოცდები დღეს ერთ-ერთი შემაფერხებელი მექანიზმია იმისთვის, რომ სკოლებში იყოს კლუბები, მასწავლებლები შემოქმედებითად მუშაობდნენ, არსებობდეს სახელმძღვანელოების მრავალფეროვნება და სხვა"- მიაჩნია სიმონ ჯანაშიას.

საგანმანათლებლო სისტემასთან ერთად პრობლემაში ჩართულ მხარეებად მოინიშნება როგორც მშობელი, ისე მასწავლებელი. მშობლის და ხშირად ბავშვის მოლოდინები სხვა რამეს უკავშირდება. იგი არაა ორიენტირებული ცოდნის მიღებაზე, არამედ - შედეგზე, ნიშანზე. ნიშანი უნდა "გამოასწოროს" რეპეტიტორმა (რომელცი არც თუ იშვიათად ბავშვისვე მასწავლებელია სკოლაში).

"სახელმღვანელოები ისე არის შედგენილი, რომ უფრო ცნებებს აზეპირებინებენ. განსაკუთრებით ჰუმანიტარულ საგნებში. სკოლა მხოლოდ ენციკლოპედიურ ცოდნას იძლევა, სადაც შედეგია განმსაზღვრელი. მშობელსაც და მერე შვილსაც "ნიშანი" აინტერესებს. რა მივიღე და რა დამიწერე მასწავლებელო. ის რაც არ იცოდა და გაიგო, რამაც სიამოვნება და ტკბობა მიანიჭა, შეავსო და გაზარდა, ამას არ ეძებს. ეს ნაკლებად აინტერესებს", - ამბობს მაია ჯოლბორდი.

გამოცდის კარგად ჩაბარების (შესაბამისად რეპეტიტორთან სიარულის) მიზნად და პრიორიტეტად ქცევას სპეციალსიტები დიპლომის ქონის დაუძლეველი სურვილით ხსნიან. ამ კუთხით მშობელი აქტიურობს. რაც ხშირ შემთხვევაში ბავშვს არ უტოვებს არჩევანს და ნაკლებად ითვალისწინებს მის ინტერესებს.

"ბავშვი არჩევანს არ აკეთებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. იქნებ სულაც არ უნდა სწავლა?! უმჯობესი იქნებოდა ყველასთვის რომ პროფესიული განათლება მიეღო. მაგრამ არა! მის შვილს დიპლომი უნდა ჰქონდეს. ამიტომ არა მარტო რეპეტიტორებზე ხარჯავენ თანხებს, შემდეგ სწავლის გადასახადსაც იხდიან, რომელიც არც თუ ცოტაა, დაამთავრებს და ამ პროფესიით სამუშაო ვერ იშოვოს შეიძლება, იმიტომ რომ თავის დროზე არ აინტერესებდა და საკუთარი ნებით არ აურჩევია პროფესია", - ამბობს მაია ჯოლბორდი.

რეპეტიტორი და მასთან მომზადების აუცილებლობა, რაც არც თუ მცირე თანხებს უკავშირდება, განსაზღვრავს ზოგიერთი მშობლის ცხოვრების წესის მკვეთრ ცვლილებას და სამსახურის სხვა ქვეყაანში ძიების ვალდებულებას.
"ჩემი დედამთილი წასულია წლებია და ყველას გვარჩენს, მაგრამ იმდენს ვერ აგზავნის შვილების მასწავლებლების ფულიც რომ ვიხადოთ. ამიტომ, მე უნდა წავიდე საზღვარგარეთ, ჩემი შვილები აბიტურიენტები არიან და ეს თანხა უნდა მოვაგროვო", – ამბობს მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეების მშობელი ირინე ჭელიძე.

გამოცდაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სისტემა, მითები დიპლომზე და განათლებასთან დაკაშირებული ბევრი სხვა სეგმენტი არ არის ბავშვის მხარეს. ყველა ეს მოცემულობა მისი ინტერესის საპირისპიროდ მუშაობს.

რეპეტიტორი ბავშვს ეხმარება ბარიერის დაძლევაში, თუმცა აჩენს სხვა ბარიერს, რაღაც თვალსაზრისით კეტავს გზას ფართო განათლებისკენ. მხოლოდ ფრაგმენტულ და გამოცდისთვის საკმარის ცოდნას იძლევა. სკოლას აქვს პრიორიტეტი მისცეს ფართო განათლება. სადღეისოდ კი სკოლამ უფლებამოსილება "გადასცა" რეპეტიტორებს და პრიორიტეტი მიანიჭა გამოცდებისთვის მზადებას, რამაც დაავიწროვა, ჩარჩოებში მოაქცია ცოდნები და დატოვა განათლების საკითხი, მრავალთა აზრით, ნომერ პირველ პრობლემად საქართველოში.

Print