პოლიტიკა
ქრისტე აღდგა თუ აღსდგა?!
FaceBook
საერთოდ, ქრისტეს აღდგომა, თავისთავად უნიკალური მოვლენაა. ამ მოვლენის უნიკალურობა განსხვავებულად გამოხატვის არსებობის უფლებას აძლევს ამ მოვლენას!

ზარი მივიღე ამ რამდენიმე წუთის წინ - ჩემთვის პატივსაცემი პიროვნება ფილოლოგობას მიწუნებდა, - ქრისტე აღდგაო, და არა აღსდგაო!

ვერ დავეთანხმები და იმას გაგიზიარებთ, რასაც უკვე წლებია ვაკვირდები.

მახსენდება, ეს კამათი 1993 წლის აღდგომიდან მოდის, როცა ქუთაისში, დასასტამბად დავაგვიანე გაზეთის გაშვება, რომ თავადაც დავრწმუნებულიყავი გაზეთის თავში გამოტანილი სათაურის სისწორეში.

ძველი სკოლა აღდგა, სამართლიანობა აღდგა (რაშიც, იმ 9 წლის შემდეგაც მეპარება ეჭვი), ტრადიცია აღდგა, დანგრეული ხიდი აღდგა, მივიწყებული საგნის სწავლება სკოლაში აღადგინეს, მაგრამ… ეს ჩვენი დალოცვილი ღმერთი არც ამდგარა სასთუმალიდან და არც აღმდგარა…

თუ რამე აღმატებული არსებობს, იმ აღმატებით ხარისხში - ის აღსდგა! და დამეთანხმებით, ჭეშმარიტად აღსდგა!

საერთოდ, ქრისტეს აღდგომა, თავისთავად უნიკალური მოვლენაა. ამ მოვლენის უნიკალურობა განსხვავებულად გამოხატვის არსებობის უფლებას აძლევს ამ მოვლენას!

ამიტომაც, მისი საკრალურობაა ის მიზეზი, რატომაც სავსებით მისაღები უნდა იყოს ამ მოვლენის უნიკალური ენობრივი ფორმულით გადმოცემა. "აღსდგა" მხოლოდ ქრისტეს აღდგომასთან მიმართებაში უნდა გამოვიყენოთ.

იქნებ ეს ფორმა ქრისტეს სამბუნებოვნების გამოხატულებაცაა და ამიტომ არ იხმარება ერთპირიანი ზმნა? ყოველთვის ვამბობთ და ვაღიარებთ, რომ ქრისტე ღმერთი სამბუნოვანი იყოო, თუმცა ერთპირიან ზმანს ვუსადაგებთ.

საერთოდ, ზმნის ფორმა "აღდგა" არ საჭიროებს ს-პირის ნიშანს თუკი სხვა, არარელიგიურ კონტექსტში გამოვიყენებთ მას. მაგრამ, სად ჩანს აღმატება და უნიკალურობა იმისა, რომ ღმერთის მკვდრეთით აღდგომაზე, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველად აღდგომაზე ვსაუბრობთ?

და სად ჩანს ამაღლებულობა, განსხვავებულობა ამ ფაქტის? რომ ქრისტეს აღდგომა პირდაპირ პროპორციული არაა ჩემს აღდგენაში თუნდაც სტუდენტად.

"ამაღლებულობის" ლოგიკით, სხვა ზმნისწინების გამოყენების შემთხვევაშიც ("აღ" არის "ა" ზმნისწინის ძველი ფორმა) უნდა დავწეროთ და წარმოვთქვათ ეს "ს", ანუ: მავანმა ფეხი გადა(ს)დგა... ახალმა წელმა ფეხი შემო(ს)დგა და ასე შემდეგ.

მაშინ რით ამიხსნით ერთპირიან ზმნებში "სცივა", "სწყურია" და სხვა ზმნებში ს-ს არსებობას?

დიახ, არსებობს გამონაკლისები.

გეთანხმებით, ერთპირიან ზმნას არ უნდა ჰქონდეს მესამე ირიბ ობიექტური პირის ნიშანი, მაგრამ ხომ მოგვეპოვება ისეთი ზმნები, რომლებსაც ირიბი ობიექტური პირი არ ახლავთ, მაგრამ მისი ნიშანი კი აქვს. მაგ: გასტანს, გასწევს, გამოსცემს, დასძენს და ა.შ.

წესით ამ ზმნებს ეს ნიშანი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ გამონაკლისია და დასაშვებია. ასეთი ჭრელი ფორმები ქართულ ენაში ხშირად გვხვდება, რომელთაც ზოგადი კანონი არ აქვთ. აი, თუნდაც, გრამატიკული წესებით არასწორი ფორმებია: ვაღიარებ, დაღმართი, წავიდ-ნენ, დარჩ-ნენ და სხვა ასეთი, თუმცა საყოველთაო გამოყენება უკვე აკანონებს მათ.

ერთ წესს შეიძლება ჰქონდეს უამრავი გამონაკლისი. ამ შემთხვევაში "აღსდგა" და ზემოთ მოცემული ზმნები არის გამონაკლისი.

მე ყოველთვის ერთი კანონით ვუდგებოდი ასეთ აბრუნდებს ენაშიც და ცხოვრებაშიც: ენის და სხვა დაუწერელ კანონებს ენათმეცნიერები კი არ ადგენენ, არამედ მასზე მოსაუბრე ხალხი! თუ მეტყველებაში გავრცელებული და დამკვიდრებულია, ეს უკვე კანონია.

მოდი, ახლა გვერდით გადავდოთ ღვინჯილია და მისთანები, თუნდაც კომუნისტურ ეპოქაში მოღვაწე ჩემთვის საპატივცემულო შანიძე და სხვები... და ძველ წიგნებში ჩავიხედოთ:

ვითვალისწინებ, რომ სახარება ძველქართულიდანაა ნათარგმნი, და სხვათაშორის, არაფილოლოგთა მიერ (მთაწმინდელი, ოქროპირი), და ამიტომაც თანამედროვე ქართული გრამატიკით ვერ განვსჯით.

მაგრამ მრწამსში რატომ ვკითხულობთ "და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა".

ან ძილად მისვლის ლოცვებში და ფსალმუნნის მეცხრე კანონში, ყოველღამე რატომ ვკითხულობთ: "აღსდეგინ ღმერთი და განიბნინედ მტერნი მისნი"…

თუ ამას სხვანაირად კითხულობს აღდგომის ტიპიკონში მედავითნე?

მთავარია იმ დალოცვილი ღმერთის მკვდრეთით აღდგომაში არ შეგეპაროთ ეჭვი, თორე მისი ეს სასწაული, შეგვიძლია თუნდაც მუნჯურად მივულოცოთ ერთმანეთს!

ჭეშმარიტად აღსდგა, მეგობრებო!
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
16:20 / 16.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

14:28 / 15.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.