რეგიონი
მიმდინარე და მოსალოდნელი რეორგანიზაცია იმერეთის მუნიციპალიტეტებში
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში  ხუთ შტატზე ვაკანსია გამოცხადდა.

იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ზესტაფონი ერთ-ერთი პირველია, სადაც რეორგანიზაცია უკვე მიმდინარეობს. მერის მოადგილის, დავით ჩირგაძის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ 19 თანამშრომელს ხელშკრულების ვადა 31 დეკემბერს ამოეწურა.

"ეს კადრი, ძირითადად, იყო ტექნიკური პერსონალი ან სოფლების წარმომადგენლობაში სპეციალისტებად იყვენენ დასაქმებული. ამ ეტაპზე გამოცხადებულია 5 შტატზე ვაკანსია, დანარჩენ 30 შტატზე ეტაპობრივად, იანვრის ბოლომდე გამოცხადდება," - აცხადებს ზესტაფონის მერის მოადგილე, დავით ჩირგაძე.

მერიის გადაწყვეტილება გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გააპროტესტეს. ისინი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობენ.

2018 წლის 3 იანვრიდან შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ ხარაგაულის  ხუთი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლების თანაშემწეებს. მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ასევე ვანაკტურია ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის თანამდებობაც.

"მოვალეობის შემსრულებელი ყავს ასევე, მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის და შიდა აუდიტის სამსახურებს, რომელთა ყოფილი ხელმძღვანელები, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, საკრებულოს წევრები გახდნენ,"- განაცხადეს ხარაგაულის მერიაში. მათივე ინფორმაციით, ყველა ზემოთ აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი 2018 წლის 5 იანვრიდან გამოცხადდება.

ტყიბულის მერის წამომადგენლებს ხელშეკრულების ვადა გაუგრძელდა 10-დან 8 ადმინისტრაციულ ერთეულში. სოფელ გურნისა და ხრესილში წარმომადგენლის თანამდებობაზე კონკურსი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

თანამშრომელთა მნიშვნელოვან შემცირებას არ ელოდებიან ვანის მუნიციპალიტეტში. თუმცა, ვანის მერი, ალექსანდრე გოგორიშვილი ჩვენთან საუბრაში აცხადებს, რომ შესაცვლელი ბევრი რამაა, თუმცა,  ეს თანამშრომელთა რაოდენობაზე არ იმოქმედებს.

"ამ ეტაპზე სამსახურებთან გავდივართ ინდივიდუალურ კონსულტაციას. ვცდილობთ, რომ ხალხი არ განაწყენდეს და ამიტომ ცვლილებები იქნება უმნიშვნელო," - ამბობს ვანის მერი, ალექსანდრე გოგორიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ვანში რეორგანიზაცია საბოლოოდ მიმდინარე წლის 18 იანვარს დასრულდება. გოგორიშვილი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სოფლის 21 წარმომადგენელს ხელშეკრულების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდათ. ისინი მოვალეობას 31 იანვრამდე შეასრულებენ. თუმცა,  ვანის მერი ირწმუნება, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ სოფლების წარმომადგენელთა გათავისუფლება მოსალოდნელი არაა.

რაც შეეხება, იმერეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ რეორგანიზაცია ჯერ არ განხორციელებულა. მათი განმარტებით, საკადრო ცვლილებები, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება.




Print