ბლოგები
იგი ჩემს თვალწინ დაიბადა!
FaceBook
ამ დღეს მე, 12 წლის ბავშვმა, დავინახე როგორ დაიბადა ჩემს თვალწინ ხელახლად ჩემი საქართველო...

1991 წლის 31 მარტს 12 წლის ბიჭი ვიყავი.

აი, ისეთი, "ნერგის" (ყოფილი "ნორჩი ლენინელის") გვერდებიდან ზვიადისა და ეროვნული მოძრაობისადმი მიძღვნილ სხვა ფოტოებს რომ საგულდაგულოდ ჭრიდა და ალბომში აკერებდა.

31 მარტს, რეფერენდუმის დღეს, ბებია მორიგე იყო, ქუთაისის კლინიკური სააავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მუშაობდა და დავყავდით ხოლმე ინტერესიანი შვილიშვილები მორიგეობაზე (რომ იტყვიან, ნახევრად იქ გავიზარდე).

საოპერაციო ბლოკში შევიპარებოდი და საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ მისცემდნენ ახალ სიცოცხლეს ავტოკატასტროფისას დაშავებულთ.

31 მარტს უფრო დიდი რამ ვიხილე…

მაშინ, საარჩევნო ყუთები საავადმყოფოს პალატებში მიჰქონდათ ავადმყოფებისათვის. ხოდა, იმ დღეს ყუთი მე ჩამაბარეს და საავადმყოფოს ხუთასამდე პალატას მე ჩამოვურბინე.

ბავშვური სიხარულით ვხარობდი, ყუთი რომ მძიმდებოდა ბიულეტინებით; ისიც მიკვირდა, რატომ უხაროდათ ჩემი გამოჩენა ასე განსაკუთრებულად ტკივილებთან მებრძოლ პაციენტებს და ხილით და ათასი ტკბილეულით რად მასაჩუქრებდნენ.

მაგრამ ჩემს მეხსიერებას შემორჩა ერთი არგადაღებული კადრი, რომელიც დღესაც, ამ 26 წლის შემდეგაც გუშინდელივით, მთელი სიცხადით მახსოვს.

ის კი არადა, შემიძლია გავიხსენო ის პალატაც, ფანჯრიდან შემოსული მზის სხივის მიწაზე დაცემის რადიუსიც, იატაკზე დაგებული ლინონიუმის ზოლები, ფარდის ფერიც… და ის მოხუცი, მისი საოცრად დანაოჭებული თითები საარჩევნო ყუთზე რომ გაიყინა სამუდამოდ.

გემახსოვრებათ, მაშინ რეფერენდუმის ერთადერთი შეკითხვა იყო: "გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?"

ამ ბერხუცმა, თავისი სევდიანი ცისფერი თვალები მე შემომაპყრო, კიო, გამხმარი ტუჩებიდან გამოსცრა, ყუთის ჭრილს ბიულეტინი გაუსწორა და… დავინახე თუ შევიგრძენი, როგორ დააკვდა ეს თითები უსულოდ ყუთს.

დერეფანში, მახსოვს, ვიღაც ასაკოვანი ქალი წამომეწია, ისიც ჭაღარა, კაფანდარა, კისერში მაკოცა უკნიდან და მადლობა მითხრა, რომ მოუსწარიო.

წეღან ვთქვი, - საოპერაციო ბლოკში შეპარულს, ბევრჯერ მინახავს, როგორ ჩუქნიდნენ ახალ სიცოცხლეს ადამიანებს თეთრხალათიანები.

ამ დღეს მე, 12 წლის ბავშვმა, დავინახე როგორ დაიბადა ჩემს თვალწინ ხელახლად ჩემი საქართველო...

P.S. იმ ღამეს მუხლები ამტკივდა და სიცხემაც მომცა. მახსოვს ჩემი ტკბილი ბებია, თვითონაც დაღლილი, დილამდე თავთან რომ მეჯდა და შუბლზე მაფენდა ცივ პირსახოცებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.