ბლოგები
ქუთაისს არ სჭირდება პარლამენტი!
ჯერ კიდევ წლების წინ, მსხვილი ასოებით დავწერე სოციალურ ქსელში: ქუთაისს არ სჭირდება პარლამენტი!
მეგონა, ჩემი ქუთათური მეგობრებიდან ერთი მაინც მკითხავდა, რატომ?


ახლა, როცა დიდი საპროტესტო მოძრაობა დაიწყო ამ "ბურთის" ქუთაისში დასატოვებლად, ისევ მივუჯექი კლავიატურას მცირე განმარტების დასაწერად.

ქუთაისს პარლამენტი რომ რუკაზე დიდი ასოებით დასაწერად სჭირდება მხოლოდ, ეს ცხადია. ჩემს ბავშვობაში იყო ასე - საქართველოს რუკებზე ქუთაისი, თბილისის შემდეგ, გაცილებით დიდი მრგვალი ბურთულით და მსხვილი შრიფტით იყო დატანილი.

და ეს ამაყს მხდიდა, მაშინ.

ბევრი დაწერილა ამ ქალაქის როლზე საქართველოს ისტორიაში.
წინა საუკუნის დასაწყისში "დააპატიმრეს" იაკობ გოგებაშვილის წიგნი "თბილისის შესახებ", იმიტომ რომ მხოლოდ იქ გაიჟღერა სიმართლემ თბილისის გასომხების შესახებ.

აკაკიმ რომ დაწერა ანდერძად, რომ მოვკვდები, ყვავილები არ მიყიდოთო, და ეს თანხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირეთო, - ეს უბრალოდ პატრიოტული ჟესტი ან გამოხტომა კი არ იყო, არამედ გარდუვალი დილემის ამოხსნა - გაძლიერებულიყო ეს საზოგადოება, რომ მეტი წიგნები დარიგებოდა წერა-კითხვის უცოდინართ და უპოვართ.

იცით, მაშინდელ თბილისში მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტმა ქართულად წერა-კითხვა არ იცოდა, ეკლესიებში წირვები რუსულად მიმდინარეობდა და სალონურ შეკრებებზეც მხოლოდ "Тоже мне" საზოგადოება იყრიდა თავს.

ამიტომ იყო აკაკის პროცესიას ერთი ობოლი გვირგვინიღა მიაცილებდა, წარწერით "აკაკის, საქართველოსაგან".

ახლა, "დედაენის" შესაძენად ფულის დაზოგვა კი არა, აიფონების ფესტივალებს ვატარებთ, უფრო სწორად შეჯიბრებს, ვის უფრო ბოლო გამოშვება აქვს და იმ ცხონებული სტივ ჯაბსის კანტორაც არ ჩერდება ერთ ადგილას.

ქუთაისმა სისხლი გადაუსხა თბილისს 1918-ში. ამაზე უფრო მხატვრულად და ცხადად ჩემს რომანშიც "სატახტო ქალაქი" მიწერია, - როგორ დაცარიელდა ქუჩები ერთ ღამეში და ქუთაისის გიმნაზიის პედაგოგების მხრებზე დაშენდა პირველი ქართული უნივერსიტეტი.

ამ დაცარიელებულ ქალაქს მაშინ ინდუსტრიამ უშველა - ვინც მაშინდელ ფილმებს გადახედავს, იგრძნობს როგორ დაცარიელდა ქართული სოფლები საბუდარას მსგავსად ბარში, ქუთაისში ჩამოსული მთის მკვიდრებით. განა ეს ქართული ფილმი მართლა გოგიტას და თებროლეს სიყვარულს გვიხატავს? და მატყუარა უშანგის ნიღაბს ახსნის? რეჟისორი გადატანითი მეტაფორებით მაშინდელ ცხოვრებას გვიხატავს.

ჩვენს თანამედროვეობაში, გაცილებით სერიოზულად და მეცნიერულად რომ მიდგომოდნენ ქუთაისის სტატუსს, განვლილ შეცდომებზე გვესწავლა, ახლა ასეთ სიტუაციაში არ ჩავვარდებოდით.

ქუთაისი ჩიხშია, და ეს ვიცით საუკუნეზე მეტი, ჯერ კიდევ იქიდან, როცა ნიკო ნიკოლაძე იბრძოდა, რომ ქუთაისში გაევლო რკინიგზას. მაშინდელ ხმოსნებს მთლად ილია ჭავჭავაძემ ჩამოუყვანა ასარჩევად ლუკა ასათიანი (მე-19 საუკუნეში მთლად 21-ე და 22-ე საუკუნის აზროვნების კაცი) - მეფეს მხოლოდ ის ვთხოვოთ, რომ რკინიგზა მოვიდეს ქუთაისამდეო.

ოცნებად დარჩა - ქვეყნის რკინიგზამ სოფელ რიონში ჩაუარა ქუთაისს.

განა არ ჰქონია შანსი ქუთაისს რომ დაახლოებოდა რკინიგზას?
ეს მაშინ, როცა უკვე ვიცოდით ანდაზა, მუჰამედი რომ არ მივიდა მთასთან და თვითონ მთამ ჩამოაკითხა მუჰამედს.
ხოდა, როცა მზარდი იყო ქუთაისი და ყოველ 25 წელიწადში ერთ უბანი ემატებოდა, აი, მაშინ, 1980-იან წლებში შეიძლებოდა ქალაქის შემომატება სოფელ რიონისკენ წასულიყო და არა ახლანდელ ნიკეას ქუჩისაკენ.

როგორც ახლა, არც მაშინ ეყოთ საკმარისი ჭკუა ქალაქის მთავრებს.

ახლა სურათი როგორია:

როცა საბჭოეთის ნანგრევებს და შინა ომებს თავი დავაღწიეთ, და ქვეყნის განვითარება დავიწყეთ, იქით სიღნაღის, აქეთ ბათუმის, ქუთათურებს თავისი უნდა მოეთხოვათ.
არაფერი ზედმეტი, ზუსტად ის, რაც იყო მისი და წაართვეს 1918-ში.
ქუთაისს უნდა დაბრუნებოდა ქართული კულტურისა და განათლების ქალაქის სტატუსი.

ჯერ კიდევ 2004-ში დავწერე და მივწერე "სადაც ჯერ არს", როგორ უნდა დაწყებულიყო ქუთაისის გადარჩენა ერთი უმტკივნეულო თეატრალური ინსტიტუტის ქუთაისში გადმოტანით ან ახლის შექმნით, - ჩვენი ქალაქის თეატრის, ახლანდელი მარჯანიშვილის თეატრის, ქალაქში დაბრუნებას კი არ ვითხოვდი.

ვამბობდი, რომ ამ სასწავლებლის ქუთაისში გადმოტანა ყოველ ოთხ წელიწადში სტუდენტთა ახალი ციკლის გარდა, სხვა პეწს მისცემდა ქალაქს - თავისთავად, პატარ-პატარა სტუდენტური სარდაფები, სახელოსნოები გაიხსნებოდა, სტუდენტური ფილმებისთვის საჭირო მინდორი გადაიშლებოდა, ქალაქი მიმოიბნეოდა ქართული ფილმის პერსონაჟთა ძეგლებით, - აგულის, ბონავერტურის, პიპინიას, იპოლიტე ხვიჩიას, - ვერიკოს ქალაქში თავად დაარსდებოდა კინო და თეატრალური საერთაშორისო ფესტივალები, და წლიდან წლამდე ამ ფესტივალით ირჩენდა თავს ქალაქი.

ამერიკაში ერთი ქალაქია, მთელი წელი საბალეტო ფესტივალისთვის "Jacobs pillow festival" ემზადება დიდ-პატარა და ამხელა ამერიკის რუკაზე ამით არიან ცნობილნი.

ამ სტუდენტებიდან, მეოთხედს ხომ მაინც შეუყვარდებოდა ქუთათური გოგო-ბიჭები? ოჯახს შექმნიდნენ და უფრო ლამაზ ქალაქში სად დაფუძნდებოდნენ, თუ არა ქუთაისში?!

ეს ქუთაისიდან ქვეყნის შიგა თუ საერთაშორისო მიგრაციის რიცხვს ცოტათი ხომ მაინც შეამცირებდა?

რეზო გაბრიაძეც ედინბურგისა და მოსკოვის თეატრებში კი არა, საყვარელ ქუთაისში დამაგრდებოდა და ვინ იცის, ის საათის კოშკიც, ათასობით შორენკეცით მოპირკეთებული, ქუთაისში დახვედროდა სტუმრად ჩამოსულ ტურისტს. 

ქართული კინოკონცერნიც, რომ დაინახავდა, რომ ახალი თაობის მსახიობთა, რეჟისორთა, მხატვართა საბადო ქუთაისშია, რაღა დარჩებოდა კვამლით ახრჩოლებულ თავკომბალა ქალაქში?

ამას ჯაჭვივით მოყვებოდა სტუდენტური ინფრასტუქტურის შექმნა და ინერციით გახდებოდა ქუთაისი ქართული Alma Mater.

საქსტატის მონაცემებით 2018 სასწავლო წელს ქვეყანაში სტუდენტთა რაოდენობა 144 ათასს უახლოვდება, ეს მაშინ როცა ქუთაისის მოსახლეობის რიცხვი დაახლოებით ისეთივეა და შეადგენს 147 ათას 635 კაცს.

ქვეყანას არ გააჩნია საუნივერსიტეტო ქალაქი - ისეთი, როგორიც მრავალ ქვეყანას დღევანდელ მსოფლიოში, - სტუდენტზე მორგებული ინფრასტრუქტურით და გარემოთი.

რა დააკლდებოდა თბილისს, ჩვენს უთბილესს დედაქალაქს, რომ საუნივერსიტეტო ფუნქცია უძველესი ქართული ქალაქისათვის გადმოელოცა?
ისეთისთვის, ყველაზე ორგანულად რომ მოირგებდა ამ ფუნქციასა და სტატუსს.

ეს არის ის ძირითადი რეცეპტი, რომელიც გადაარჩენს ქუთაისს და არა გამოხრული ძვალივით მოგდებული იდეა საპარლამენტო ქალაქისა, - რომელიც მხოლოდ ჩვენს სიამაყეს კვებავს და არა ჩვენს ოჯახებს.

ამ იდეის ფიასკო თავიდან იყო გათვლილი - არცერთი გაანგარიშება ეკონომიკური აღმავლობისა ამ 150-კაციანი ორგანოს ქალაქში გამოტანას თან არ ახლდა, - თუ რა სიკეთეს მოუტანდა წელს, გაისად და ათი წლის შემდეგ. არანაირი გაანგარიშება. დამლაგებლების გარდა, არ დასაქმებულა არცერთი ადგილობრივი და ქუთაისი-თბილისის გზაზე სირბილში ქვეყნის აღმშენებლობის დრო გამოეპარათ.

თუმცა ერთი რამის გათვლა ზუსტი იყო, - ამ მყვირალა სტატუსმა ქალაქისა, გარკვეულწილად გამოკვება ქუთათურთა ეგო და დაამუხრუჭა მშიერთა რევოლუცია თუ ამბოხი.

წუხელ გავრცელდა ჩემი ტყუპისცალის მოსაზრება, იქნებ ქუთაისი წესების, კანონმდებლების ქალაქი გახდესო, აქ მოიყაროს თავი სამინისტროებმა, უწყებებმა, მარეგულირებლებმა, ბანკის სათაოებმა, სასამართლოებმა, ერთი სიტყვით სახელმწიფო ჩინოვნიკებმაო. 

ასეთ აზრებსაც აქვთ არსებობის უფლება.

ასეთ ქალაქებს მსოფლიოში white collar (თეთრი საყელო) ქალაქებს ეძახიან და მხოლოდ რამოდენიმეა მსოფლიოში, - ვაშინგტონში, ჟენევაში, სტრასბურგში, ჰელსინკში და ისინი მსოფლიოს ცენტრებია და არა ერთი ქვეყნის.


ამ იდეას ერთი მუქი მხარე აქვს - რა თქმა უნდა ქალაქი ვერ აწევს ერთ ან ათ წელიწადში გამოზარდოს ქვეყნისთვის საჭირო ახალი და ადგილობრივი ჩინოვნიკები. მისი უწყვეტი ფუნქციონირებისათვის ძალადობრივ მიგრაციას ვითხოვთ - ანუ ვინც ახლა მუშაობს თბილისში, უნდა მიატოვონ ოჯახები, შვილები და გადმოსახლდნენ ქუთაისში. 
ოჯახებით რომ გადმოსახლდნენ, შვილებს სწავლა უნდა მიატოვებინონ?
და ამით რა ხეირი ქუთაისს, მის ეკონომიკას, მასიურ უმუშევრობას?

ქუთაისში ცხოვრებას უნდა ნატრულობდე, უნდა გინდოდეს. მისჯილი კი არ უნდა გქონდეს, - მოშორდე ოჯახის წევრებს და ის 4 წელი უცხო ქალაქში გაატარო, სახადი მოიხადო.
 აი, სტუდენტებისთვის, 4 წლით ოჯახს მოშორება და ახალ სივრცეში, ოჯახისგან შორს ჩამოყალიბება და გაძლიერება, ჰაერივით აუცილებელია. დამოუკიდებელ ადამიანად შედგომაში ეს აუცილებელი კომპონენტია და ამიტომაცაა, მსოფლიოს სტუდენტობა მიეშურებიან სტუდქალაქებსა და მომავალს იქიდან გადასახედიდან ირჩევენ. 

ხვალიდან ახალი მოძრაობა იწყებაო, გამოსვლებიც, შიმშილობასაც იწყებს ერთი - არსად გაგატნევთ პარლამენტსო, გადაგვიარეთო.

არა, ბატონებო! ქუთაისს არ სჭირდება ბიუროკრატიული და ბინძური პოლიტიკის ლაბირინთები, ჩვენ - ნათელი, სუფთა მომავალი, კულტურის და განათლების მექად დარჩენა გვსურს.

გვინდა, საქართველოს ხვალაც ვამარაგებდეთ სუფთა სისხლით!
ისევ ჩვენზე იდგეს ქართული სახელმწიფოებრიობა!

და თუ სისხლისგან დავიცალეთ, და ამ სტუდენტების შემოდინებით ახალი სისხლი ყოველწლიურად არ გადაგვისხით,

ისევ არ იმღერეთ ჩვენზე "ქუჩები გაქვს სავსე მუდამ, გოგონებით, ბიჭუნებით",

ჩვენ მოვკვდებით!

და რუკაზე "ქუთაისი" მკვდარ ქალაქად აღინიშნება!


ამავე თემაზე:
ქუთაისი, წესების ქალაქი... - მოქალაქის ბლოგი


დააფიქსირეთ თქვენი პოზიციაც. გამოგვიგზავნეთ ბლოგები და გაუზიარეთ სხვებსაც თქვენი აზრი.

მოგვწერეთ მეილზე:  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან დაგვიკავშირდით facebook-ის გვერდზე (kutaisipost)
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
საფიჩხიის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა, თამარ ხაჭაპურიძემ ქუთაისის მერთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხა.
15:36 / 22-10-2018
"დატოვე პარლამენტი ქუთაისში"- ამ საკითხით გაიხსნა ქუთაისის მერთან არსებული სამოქალაქო საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა.
14:11 / 22-10-2018
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "ტორპედოს" ფეხბურთელის, შოთა ბაბუნაშვილის გაცილების მატჩი მიმდინარეობს.
19:16 / 19-10-2018
ახალი თაობა გაცილებით თავისუფალია- ვისაც ამ თავისუფლების სიკეთის არ სჯერა შეუძლია 16 წლის მუსიკოსის ლექსო რატიანის მუსიკას მოუსმინოს და საკუთარ ეჭვებში, დიდი ალბათობით, კორექტივების შეტანა მოუნდება.
22:00 / 18-10-2018
მსგავსი სიახლეები






როგორია სხვადასხვა პროფესიიდან დანახული ევროპული გზა? - ამ კითხვაზე
პასუხებს
როგორია სხვადასხვა პროფესიიდან დანახული ევროპული გზა? - ამ კითხვაზე პასუხებს "ქუთაისიპოსტის" მიერ მომზადებულ ვიდეობლოგებში იპოვით.
14:39 / 08.10.2018






ქუთაისიპოსტი გთავაზობთ
ქუთაისიპოსტი გთავაზობთ "მოქალაქის ბლოგს".
14:36 / 03.10.2018






ბავშვობაში ჭადრაკის ფიგურებით თამაში მიყვარდა. ერთმანეთს
ვაბრძოლებდი. ვაბრძოლებდი პირდაპირი გაგებით - ვაჯახებდი. რომელიც
წაიქცეოდა წაგებულიც ის იყო.
ბავშვობაში ჭადრაკის ფიგურებით თამაში მიყვარდა. ერთმანეთს ვაბრძოლებდი. ვაბრძოლებდი პირდაპირი გაგებით - ვაჯახებდი. რომელიც წაიქცეოდა წაგებულიც ის იყო.
10:44 / 09.08.2018






აი, ეს ლექსი, მურმან ლებანიძის შედევრია. მისი შედევრობა
დაადგინა დრომ… ლექსის ბოლოში მიწერილმა თარიღმა, სულ ოთხმა
ციფრმა.
აი, ეს ლექსი, მურმან ლებანიძის შედევრია. მისი შედევრობა დაადგინა დრომ… ლექსის ბოლოში მიწერილმა თარიღმა, სულ ოთხმა ციფრმა.
10:02 / 20.07.2018






საერთოდ, ქრისტეს აღდგომა, თავისთავად უნიკალური მოვლენაა. ამ
მოვლენის უნიკალურობა განსხვავებულად გამოხატვის არსებობის უფლებას
აძლევს ამ მოვლენას!
საერთოდ, ქრისტეს აღდგომა, თავისთავად უნიკალური მოვლენაა. ამ მოვლენის უნიკალურობა განსხვავებულად გამოხატვის არსებობის უფლებას აძლევს ამ მოვლენას!
07:11 / 08.04.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.