ბლოგები
ბაში-აჩუკი - გმირი, რომელიც გადარჩა
FaceBook
ბავშვობაში ჭადრაკის ფიგურებით თამაში მიყვარდა. ერთმანეთს ვაბრძოლებდი. ვაბრძოლებდი პირდაპირი გაგებით - ვაჯახებდი. რომელიც წაიქცეოდა წაგებულიც ის იყო.

ამ ბრძოლებში თანდათან გამოიკვეთა ფალავანი ფიგურა, პაიკი, რომელსაც ძალისმიერ ბროლებში ვერც მხედარი და ვერც ლაზიერი ვერ ჯობნიდა. სახელიც ჰქონდა გმირს - ბაში -აჩუკი.

ქართულმა კინომ ომის ბევრი გმირის ცხოვრება ასახა. აჩვენა ომები. სიმამაცის და სილაჩრის ისტორიები. თუმცა, ომი ქართულ კინოში წაგებული ბრძოლების ისტორიებით შემოვიდა ("მაია, წყნეთელი", "მამლუქი", "გიორგი სააკაძე"). ქართული არმია და მისი საუკეთესო წარმომადგენლები, ყველგან მარცხდებიან. მართალია ეს ომები უგმიროდ არ სრულდება, მაგრამ არც ეს გმირები რჩებიან ცოცხლები. რადგან გმირი მხოლოდ გარდაცვლილი გაგვიგონია ჩვენ.

ქართული საბჭოთა კინო, საქართველოს დამოუკიდებელად არსებობის, ან ყოველ შემთხვევაში რუსეთზე არდამოკიდებული ისტორიული პერიოდების ასახვისას, ყოველთვის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარს წარმოაჩენს, სადაც საქართველოს, მტრებთან წინააღმდეგობის მიუხედავად, არაფერი გამოსდის. მისი შედეგი წაგება და ლუზერად ყოფნაა.

ბრძოლაში გამარჯვების ისტორიები შემოდის გასაბჭოებისშემდგომ ომების ამსახველ ფილმებში. ქართველები ომს იგებენ რუსებთან ერთად, თუმცა დიდი მსხვერპლის ფასად ("ჯარისკაცის მამა", "ღიმილის ბიჭები"). ადამიანები, რომლებიც ომში გამარჯვებას იზეიმებდნენ, ცოცხლები აღარ რჩებიან, ახალგაზრდები იღუპებიან, მათ მომავალი არა აქვთ. მომავალი მარტო საბჭოთა სახელმწიფოს აქვს.

ამ საყოველთაო დამარცხება-შეწირვებში მოულოდნელად ჩნდება იმერელი აზნაური გლახუნა ბაქრაძე, როგორც ნორმიდან ერთგვარი გადახრა. იგი საერთოდ არ ემორჩილება დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და კანონზომიერებებს სისხლიანი, მარცხიანი და უბედური შედეგებით. გლახუნას ცხოვრება აჩვენებს, რომ ყველაფერს შეიძლება მოევლოს, ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს - მტერი მოყვარე აღმოჩნდეს, მკვდარი - ცოცხალი, ბობოლა თავადი - წმინდანი, გლახუნა კი - ბაში-აჩუკი.
ქართულ კინოში ერთადერთი ბაში-აჩუკია გმირი, რომელმაც ბრძოლა მოიგო.

ეკრანებზე როგორც იქნა გამარჯვებული ქართველი პერსონაჟი გამოჩნდა. პერსონაჟი, რომელიც კინოს აკაკი წერეთელმა აჩუქა.

მისი არსებობა ქართულ საბჭოთა კინოში შეიძლება იმიტომ დაუშვეს, რომ ბაში აჩუკი ისტორიული პერსონაჟი არ იყო. მაგრამ, როგორიც არ უნდა იყოს, ძალიანაც ნამდვილივით გამოიყურება. თანაც მისი არსებობა ძალიან გვჭირდება.

ბაში-აჩუკი იბრძვის და იმარჯვებს თან ყველა ფრონტზე: ომში, ჭიდაობაში, სიყვარულში.

და იმდენსაც ახერხებს ცოცხალიც რჩება.

ბაში აჩუკი არის გმირი, რომელიც გადარჩა და ბედნიერებაც შეძლო.

გამარჯვებული, ბედნიერი და ცოცხალი ბაში აჩუკი გახდა ჩემი საყვარელი პერსონაჟი ჩემი ბავშვობის საბჭოთა საქართველოში. ალბათ იმიტომ, რომ  არსებობს მარადიული მოთხოვნა მოგებულ ომებზე, ცოცხალ გმირებზე და ისტორიის ბედნიერ დასასრულებზე.

ცხოვრება წიგნების მიხედვით ეწყობაო, ერთმა კლასიკოსმა მწერალმა. ეს თუ ასეა, მეტი ბაში-აჩუკი ქართულ კინოსა და ლიტერატურას. იქნებ ცხოვრება ფილმების მიხედვით წარიმართოს, სადაც ადამიანები ომში იმარჯვებენ, მტრებსაც ამარცხებენ და ცოცხლებიც რჩებიან.

Print