რეგიონი
ხარაგაულში გაფიცული მუშები მუშაობას განაახლებენ
FaceBook
ხარაგაულში რკინისგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ორდღიანი გაფიცვა დასრულებულია. დამსაქმებელმა მუშების მოთხოვნები დააკმაყოფილა.
საშვებულებო თანხის ანაზღაურება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შვებულების გამოუყენებელი დღეებით სარგებლობის უფლება - ამ საკითხების მოგვარებას სთხოვდნენ უცხოურ კომპანიას მშენებლობაზე დასაქმებული მუშები.

ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მუშა ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვას შეჰპირდნენ. რაც შეეხება, სხვა მოთხოვნებს, მისი თქმით, ესეც შესრულებული იქნება.

გიორგი კიკნაძე რკინიგზაში დასაქმებული ერთ-ერთი გაფიცულია, რომელიც საშვებულებო თანხის, 600 ლარის ანაზღაურებას ითხოვდა.

"ამინაზღაურდება ჩემი დანაკლისი და ყველა ასეა. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, ამიტომ განვაახლებთ მუშაობას, " - ამბობს კიკნაძე.

რკინიგზაში დასაქმებულები მუშაობას მას შემდეგ გააგრძელებენ, რაც სიტყვიერად მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდება, რაც მათი ვარაუდით ორი დღის ვადაში უნდა მოხდეს.

"ჩვენი იურისტებისა და რკინიგზაში დასაქმებულების ერთობლვი მუშაობით მოეწერა ხელი შუალედურ შეთანხმებას, რომლის საფუძველზე გამოუყენებელი და დარჩენილი შვებულებების გამოყენების საშუალება მიეცემათ ადამიანებს. ასევე, კონტრაქტით მითითებულ ვადებში გააგრძელებს მუშაობას თითოეული დასაქმებული. არიან ისეთები, რომლებიც მარტის ბოლომდე იმუშავებენ და ასეთი 20 ადამიანია, ხოლო დანარჩენები იანვრის ბოლოს შეწყვეტენ მუშაობას, ისე როგორც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებით თავად მუშები კმაყოფილები არიან," - ამბობს "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების" პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე.

ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებზე 60-მდე დასაქმებული  15 იანვარს გაიფიცა.

ხარაგაულში მუშები 2016 წელსაც გაიფიცნენ. ისინი მაშინაც მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობებს უჩიოდნენ.

გაფიცული მუშების მოთხოვნა უცხოურ კომპანიისგან  (ჩინური)  სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. 

გაფიცულები მაშინ აცხადებდნენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდებოდა, ვიდრე დამსაქმებლები მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებდნენ. თუმცა, ოთხდღიანი პროტესის შემდეგ სამუშაოს ისევ დაუბრუნდნენ.
Print