ახალი ამბები
ქუთაისში ქართული კინოს ფორუმი გაიმართება
FaceBook
16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. კინოფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ის ქართული ფილმები, რომლებიც სულ ახლახანს დასრულდა და ჯერ ეკრანებზე არ გამოსულა. ნაჩვენები იქნება, როგორც მხატვრული და დოკუმენტური, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური პროგრამა და ანიმაცია.

რამდენიმე დღის განმავლობაში ქუთაისში თავს მოიყრიან ცნობილი ქართველი რეჟისორები, მსახიობები, პროდიუსერები, კინომცოდნეები და მედიის წარმომადგენლები. ასევე, კინოფორუმის ფარგლებში ევროკავშირის პროგრამა "შემოქმედებითი ევროპის წარმომადგენლობა საქართველოში" კინოკრიტიკოსებითვის და კინობლოგერებისთვის ვორქშოპს გამართავს.

კინოცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ კინოფორუმზე  საქართველოში პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის "თეთრი ხიდი" დაარსება დაანონსდება, რომელიც 2019 წლიდან, ყოველწლიურად ქუთაისში გაიმართება. ახალი ფესტივალის შესახებ ცნობილი ქართველი მწერალი – რეზო გაბრიაძე ვიდეომიმართვის საშუალებით ისაუბრებს. ქუთაისის კინოფორუმი სწორედ რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმით "ჰარი, ჰარალე, დედაო!" გაიხსნება.

ქუთაისის კინოფორუმს ეროვნული კინოცენტრი ქუთაისის მერიასთან თანამშრომლობით წარმოადგენს. ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი  ახლახანს გაფორმდა.
Print