ახალი ამბები
ნიკო თუ იაკობი? - მერიამ არ იცოდა ვისი სახელობის სკვერი გაანათა
FaceBook
ქუთაისის მერიამ,  ქალაქის ცენტრში მდებარე,   იაკობ ნიკოლაძის სახელობის სკვერი თანამედროვე ტიპის სანათებით გაანათა.
ინფორმაცია ამის შესახებ ქუთაისის ააიპ "ქუთგანათების" პრესსამსახურის უფროსმა ფეისბუკის პირად გვერდზე  გაავრცელა, თუმცა, ტექსტში ნაცვლად ქუთაისელი მოქანდაკისა, ნახსენები იყო სავარაუდოდ, ქართველი პუბლიცისტი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ნიკო ნიკოლაძე.

მერიის ააიპთან ერთად, ინფორმაცია უცვლელად გააზიარა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე მერიის პრესსამსახურმა და თავად ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.  ტექსტი პირად გვერდზე უცვლელად გააზიარა საკრებულოს პრესსამსახურის უფროსმა, თეონა მელქაძემაც. 






მას შემდეგ,  რაც საზოგადოებამ ხელისუფლებას მიუთითა, რომ სკვერში დადგმული ძეგლი არა ნიკო ნიკოლაძეს, არამედ იაკობ ნიკოლაძეს ეკუთვნის, მერიამ შეცდომა გაასწორა.

"ქუთგანათებაში" შეცდომას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ტექსტში ცვლილება არ შეუტანიათ. ააიპის პრესსამსახურის უფროსი, თეა ჯანგავაძე ამბობს, რომ დაწესებულების გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მისი ერთადერთი ვერსიაა, თუმცა, სოციალურ ქსელში ამ დრომდე არსებობს ტექსტის პირველი ვერსია, სადაც სკვერი მოხსენიებულია როგორც ნიკო ნიკოლაძის სახელობის.

თეა ჯანგავაძის თქმით, როგორც წესი გასავრცელებელი ინფორმაციის შეთანხმება მერიის პრესსამსახურთან ხდება, თუმცა, ამჯერად შეათანხმეს თუ არა ტექსტის შინაარსი მერიაში, ამას არ აკონკრეტებს.

შეცდომას აღიარებენ ქუთაისის მერიაში, თუმცა, ამბობენ, რომ ეს მექანიკურად მოხდა.

იაკობ ნიკოლაძე პირველი პროფესიონალი მოქანდაკე და ქართული ქანდაკების ფუძემდებელია.

იგი (1876-1951) შემოქმედებით და პედაგოგიურ მუშაობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეწეოდა და მის ნამუშევრებში ქართული ქანდაკების განვითარების სხვადასხვა ეტაპები აისახა.

ის ქმნიდა როგორც სკულპტურულ პორტრეტებს, ასევე, კომპოზიციებს სხვადასხვა თემაზე.

მას მარმარილოში აქვს შექმნილი ქართველი მეცენატის დავით სარაჯიშვილის სკულპტურული პორტრეტი.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ილია ჭავჭავაძის საფლავზე აღმართული მემორიალური ძეგლი "მწუხარე საქართველო".




Print