ახალი ამბები
„ბრალდება არის აბსურდი“ -ქუთაისის მერიის მორიგი განმარტება ზაზა სარალიძის ბრალდებაზე
FaceBook
ქუთაისის მერია 10 ივნისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ზაზა სარალიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სარალიძის ბრალდებები იმის შესახებ, რომ თითქოს ქუთაისის მერიის მაღალჩინოსანი მისი მეუღლის ოჯახში იმყოფებოდა და მის მეუღლეს პროცესებისგან გამიჯვნას სთხოვდა, აბსურდია.

განმეორებითი განმარტების გაკეთება ქუთაისის მერიას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის განცხადების გამო მოუწია, რომლის მიხედვითაც, პარტია ზაზა სარალიძის ბრალდებების გამოძიებას ითხოვს.

"სარალიძეების და დადუნაშვილების ოჯახის ტრაგედიას ვიზიარებთ ყველა, ნამდვილად სამწუხარო ამბავია. ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა საქმე დროულად და ობიექტურად გამოიძიონ და ყველა დამნაშავე შესაბამისად დაისაჯოს. რაც შეეხება ბრალდებას, ჩვენ ამაზე უკვე გავაკეთეთ განცხადება და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. რადგან უკვე ოპოზიციაც აპელირებს ამ საკითხზე, რომ ქუთაისის მერია ზაზა სარალიძის ცოლის დაზე ახდენდა ზეწოლას და ეს ადამიანი მერიაშია დასაქმებული,  გვითხრან კონკრეტული სახელი და გვარი  თუ ვინ არის ეს ადამიანი. ბრალდება არის აბსურდი და არ შეესაბამება სიმართლეს",-ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.

ზაზა სარალიძის ბრალდებებზე, დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" გიგა შუშანიამ ისაუბრა.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 335 მუხლით განსაზღვრული დანაშაული, რაზეც უნდა დაიწყოს გამოძიება და დაისაჯოს პროცესში მონაწილე ყველა პირი.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე გასული წლის 1 დეკემბერს მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, 10 ივნისს, რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციაზე თქვა, რომ ქუთაისში, მისი მეუღლის ოჯახში ქუთაისის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იმყოფებოდა და მის მეუღლეს სთხოვდა აქციასთან დაკავშირებულ პროცესებს გამიჯვნოდა.

"ქუთაისიპოსტი" 11 ივნისს იმყოფებოდა ზაზა სარალიძის მეუღლის ოჯახში, თუმცა, მისი ოჯახის წევრებმა განმარტების გაკეთება არ ისურვეს. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ ზაზა სარალიძეს ცოლის და არ ჰყავს.

გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს, ორი მოზარდი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.


ამავე თემაზე:

ენმ ქუთაისის მერიის მისამართით სარალიძის ბრალდებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

"ზაზა სარალიძის ბრალდება არც ერთ ნაწილში არ შეესაბამება სიმართლეს“ - ქუთაისის მერია

ზაზა სარალიძის ბრალდებებზე ქუთაისის მერიაში განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებენ


Print