ახალი ამბები
ქუთაისში ბინასთან ახლოს მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივები საცხოვრებელ ბინასთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ბენზინგასამართი სადგური სამოცდაათამდე ოჯახისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ადგილობრივები შიშობენ, რომ მშენებლობას შეეწირება სკვერიც, რომელიც მათთვის ერთადერთი მოსასვენებელი ადგილია.

ადგილზე მივიდა ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურს აშენებს, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და ტერიტორია მალევე დატოვა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2008 წლის 8 დეკემბრის "ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ" დადგენილებაში, რომლითაც ქუთაისის მერია მშენებლობაზე ნებართვის გაცემის დროს ხელმძღვანელობს, მითითებულია, რომ ბენზინ და აირგასამართი სადგურების მშენებლობა, რომლებსაც მიწისქვეშა რეზერვუარი და საცხოვრებელი ზონის მხარეს ყრუ კედელი აქვს, დასაშვებია ამ ზონიდან 5 მეტრში, მიწისზედა რეზერვუარის შემთხვევაში კი 15 მეტრში.

რაც შეეხება, მსგავს ობიექტებს ე.წ. ღიობებით, რეზერვუარის მიწისქვეშ განთავსების შემთხვევაში მეპატრონეს მშენებლობის დაწყება საცხოვრებელი პუნქტიდან 15 მეტრში, მიწისზედა რეზერვუარის შემთხვევაში კი 25 მეტრში შეუძლია.

Print