ახალი ამბები
ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, აღასრულების სამსახურმა დაანგრიოს
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე 7 სართულიანი კორპუსის ბოლო ორი სართული, შესაძლოა, აღსრულების სამსახურმა იძულების წესით დაანგრიოს.
სართულების დემონტაჟი შესაბამის სამსახურს მას შემდეგ დაევალა, რაც მის დანგრევაზე მშენებელმა უარი განაცხადა.

ქუთასის მერიის ინფორმაციით, "სახლი N1"-მა, რომელმაც ქალაქის ცენტრში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უკვე დაასრულა, შეთანხმებულ პროექტს გადაუხვია და ხუთის ნაცვლად შვიდი სართული ააშენა. შესაბამისად, მას უკანონო სართულების დემონტაჟი დაევალა. თუმცა, კომპანია მერიის მოთხოვნას ამ დრომდე არ ასრულებს.

"თავისი ნებით არ დაანგრიეს, ამიტომ გადაწყვეტილება გადაეცა აღსრულებას და ისინი გააკეთებენ ამას. პროექტით მხოლოდ 5 სართული იყო შეთანხმებული, შესაბამისად, ბოლო ორი სართული უნდა დაანგრიოს", - ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.

განსხვავებული მოლოდინი აქვთ "სახლი N1"-ში. კომპანიის იურისტის თქმით, მათ უკვე გაგზავნილი აქვთ კორექტირებული პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, საიდანაც დადებით პასუხს ელოდებიან.

"მერიის გადაწყვეტილება ჩვენ ხელს არ გვიშლიდა, რომ კორექტირებული პროექტი წარგვედგინა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. მოხდა აზრების შეთანხმება და ველოდებით დადებით პასუხს",-ამბობს კომპანიის იურისტი, ერმილე ჭეიშვილი.

ქალაქის ცენტრში სამშენებლო ნორმების დარღვევა ზედამხედველობის სამსახურმა გასული წლის ბოლოს დააფიქსირა. უკანონო მშენებლობისთვის კომპანია 1000 ლარით დააჯარიმეს და ბოლო ორი სართულის დემონტაჟი მოსთხოვეს. კომპანიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ მერიისთვის გაგზავნილი ჰქონდათ კორექტირებული პროექტი. 

ქუთაისის მერია კი არქიტექტურის სამსახურში მსგავსი დოკუმენტის არსებობას არ ადასტურებდა. 


ამავე თემაზე:


ბრძოლა უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ და სამაგალითოდ დასჯილი კომპანია (ფოტო)
Print