ახალი ამბები
სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ოთხი სამინისტრო მუშაობს
FaceBook
სკოლების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით 2018 წელს აქტიური მუშაობა იგეგმება.
შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებს შორის, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის ჩართულობით, შესაბამისი კომისია შეიქმნა და მთელი რიგი რეკომენდაციები შემუშავდა, რათა კომპლექსურად გაუმჯობესდეს უსაფრთხოება როგორც სკოლის ტერიტორიაზე, ასევე სკოლის პერიმეტრს მიღმა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მანდატურის სამსახურში აცხადებენ , რომ ამ ეტაპზე უწყებებს შორის აქტირიური მუშაობა მიმდინარეობს. "მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ვფიქრობთ პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის მოხდება რეკომენდაციების განსაზღვრა და სკოლებში და მის გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების ნორმების ჩამოყალიბება",  - აცხადებენ განათლების და მეცნიერების სამინისტროში. 


სკოლების უსაფრთხოების გაძლიერებაზე საქართველოს პარლამენტში თებერვლის დასაწყისიდან მუშაობა დაიწყება.

"კონკრეტული რეკომენდაციები ეხება მანდატურის სამსახურის უფლება-მოვალეობების გადახედვას და ამ კუთხით ცალკე საკანონმდებლო პაკეტის წარდგენას აპირებს საქართველოს მთავრობა. მეორე მიმართულება იქნება ფსიქოლოგიური სამსახურების გაძლიერება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც პრევენციისთვის, ასევე, კონკრეტული შემთხვევების და კონფლიქტის მართვის კუთხით სკოლის ტერიტორიაზე. მესამე მიმართულება იქნება სპორტული და სახელოვნებო განათლების გაძლიერება, რაც მსოფლიო პრაქტიკით, პრევენციის მნიშვნელოვანი მექანიზმია. მეოთხე მიმართულებაა განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლობა - თუ როგორ უნდა მოხდეს უსაფრთხოების საკითხების გამიჯვნა სკოლის ტერიტორიაზე და მიმდებარე პერიმეტრებზე",  - განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის მდივანმა მარიამ ჯაშმა.

სკოლის უსაფროების გაძლიერებაზე აქტიური მუშაობა თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ დაიწყო. რა დროსაც მოზარდებს შორის შელაპარაკების შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა.


Print