ახალი ამბები
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქუჩაში ჩატარდება
FaceBook
მართვის მოწმობის მისაღებად მოქალაქეებმა გამოცდა ქუჩაში ავტომობილით გადაადგილებაშიც უნდა ჩააბარონ.

ამის თაობაზე "ქუთაისიპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსსაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ქეთი კოვზიაშვილი ესაუბრა.

"მართვის მოწმობის მისაღებად დარჩება თეორიული და პრაქტიკული ნაწილი, რომელიც საგამოცდო მოედანზე ნორმატივების ჩაბარებას გულისხმობს, მაგრამ ამას დაემატება გამოცდა რეალურ სივრცეში, თუ როგორ გადაადგილება ქალაქის ტერიტორიაზე მძღოლი, რომელიც აჩვენებს რამდენად მზადაა ის ავტომობილის სამართავად," - ამბობს ქეთი კოვზიაშვილი.

მისივე თქმით, ახალი ნორმატივი მართვის მოწმობის გამოცდას 2018 წლის პრველი ნახევრიდან დაემატება. ამ ეტაპზე სააგენტო მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში ჩატარების პროექტის დახვეწაზე მუშაობს.

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში ჩატარდება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ერთ-ერთ ვალდებულებაა.

პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მსურველს უნდა ჰქონდეს ჩაბარებული თეორიული გამოცდა, რომლის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში კანდიდატს 7 დღეში ერთხელ შეუძლია პრაქტიკულ ნაწილზე გასვლა. შეზღუდვა არ არის დაწესებული ფასიანი გასვლის შემთხვევებში. გარდა მექანიკურ გადაცემათა კოლოფის ავტომობილებისა, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ავტომატურ გადაცემათა კოლოფის ავტომობილზე. იმ შემთხვევაში თუ 30 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, კანდიდატი თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან.

პრაქტიკული გამოცდის შეფასების წესი: გამოცდის დაწყებამდე მძღოლობის ნებისმიერ კანდიდატს ენიჭება 100 ქულა, რომელსაც საკვალიფიკაციო მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, აკლდება საჯარიმო ქულები. პრაქტიკული გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მძღოლობის კანდიდატი არ დააგროვებს 39-ზე მეტ საჯარიმო ქულას.

Print