პოლიტიკა
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტი შემცირებული შემოსავლებით და გაზრდილი ხარჯებით
FaceBook
ქუთაისის საკრებულო ახლადმიღებულ ბიუჯეტში პირველ ცვლილებას შეიტანს.
უახლოეს სხდომაზე წარმომადგენლობითმა ორგანომ რეგიონალური განვითარების ფონდიდან 8 მილიონი ლარის მიღება უნდა დაამტკიცოს.

საკრებულოს ოპოზიცია თვლის, რომ აღმასრულებელს ბიუჯეტის დამტკიცება არ უნდა ეჩქარა, რითიც თავიდან აიცილებდა მოკლე დროში პირველივე საბიუჯეტო ცვლილებას.

ოპოზიცია ხელისუფლებას არც 10 დღის წინ მიღებული ბიუჯეტის პრიორიტეტებში ეთანხმება. "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის ბიუჯეტი შეუსწვალელი და მოსახლეობის საჭიროებებთან შეუსაბამოა.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი აღმასრულებელმა გაზრდილი ხარჯებით და შემცირებული შემოსავლებით წარმოადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ მერიაში ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სამსახური 50-მდე თანამშრომელმ დატოვა, სახელფასო ფონდი წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ხელისუფლება ამბობს, რომ მერიის შემთხვევაში შრომის ანაზღაურების ზრდა თანამშრომლებისთვის სხვადასხვა კლასის მინიჭებამ და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებისთვის შტატების შექმნამ გამოიწვია, რომლებიც აქამდე მერიას ხელშეკრულებით აყავდა. საკრებულოში კი სახელფასო ფონდის ზრდა "თვითმმართველობის შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილების გამო მოხდა, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს, ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეების ანაზღაურებადი შტატები დაემატა.

წელს, ადგილობრივი თვითმმართველობა შრომის ანაზღაურებაში 4 451 000 ლარს დახარჯავს, რაც 328 000 ლარით მეტია წინა წლის სახელფასო ფონდზე. 

ასევე,  გაზრდილია მერიის ოფისის ხარჯები. წელს მერია საოფისე ხარჯებისთვის 460 000 ლარს დახარჯავს, რაც 120 000 ლარით მეტია წინა წლის ამავე მონაცემებზე. ჯამში კი,  მერიისა და საკრებულოს ხარჯებმა 7 163 000 ლარი შეადგინა, რაც 71 000 ლარით აჭარბებს გასული წლის ამავე მუხლს. 

შრომის ანაზღაურებისა და საოფისე ხარჯების გაზრდის პარალელურად, აღმასრულებელმა შეამცირა სამივლინებო თანხები. მერის მოადგილის, იუზა უგულავას თქმით, აუცილებელი არ არის უცხოეთში ვიზიტად წასულ ქალაქის მერს თან ორი მოადგილე ახლდეს. ასევე, შემცირებულია შტატგარეშე თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება, რაც რეორგანიზაციის ფარგლებში მათი რაოდენობის შემცირებამ გამოიწვია.

ისევე, როგორც გასულ წლებში, 2018 წელსაც ბიუჯეტის მთავარ მიმართულებებად ინფრასტრუქტურა და სოციალური სფერო დასახელდა, თუმცა, წელს ქალაქის ხელისუფლებისთვის ინფრასტრუქტურა უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა.

წლის განმავლობაში მერია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13 მილიონ ლარს დახარჯავს, რაც ორჯერ აღემატება ამ მიზნით გასულ წელს გაწეულ ხარჯებს. სამაგიეროდ,   შეამცირა  პროგრამა "კორპუსის" ბიუჯეტი, რასაც ოპოზიცია დაუშვებლად მიიჩნევს. წელს,  მერია ამხანაგობების ინიციატივებს მხოლოდ 720 5000 ლარით დააფინანსებს. 

შემცირებული თანხები გაითვალისწინა მერიამ სოციალური პროგრამებისთვისაც. წელს  ამ მიმართულებით 3 178 000 ლარს დაიხარჯება, რაც 2 500 000 ლარით ნაკლებია წინა წლის ბიუჯეტზე.

ამასთანვე, მერიამ ბიუჯეტში 4 ახალი სოციალური პროგრამა დაამატა. მათ შორის არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მარტოხელა მშობელთა დახმარების პროგრამა.

ბიუჯეტში პირველად გაჩნდა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ქუთაისში სამი მსხვილი პროექტის განხორციელება იგეგმება. ესენია: ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის, თეთრი ხიდისა და გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაცია. პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს.

მერიამ უცვლელი დატოვა სარეზერვო ფონდის მოცულობა. წელსაც, ქალაქის მერი, პირადი გადაწყვეტილებით 500 000 ლარს განკარგავს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ თუ ეს თანხა მერმა ტრადიციულად სოციალური და სამედიცინო დახმარებებისთვის უნდა დახარჯოს, ჯობდა ის ამავე მიმართულებებით არსებულ სხვა საბიუჯეტო პროგრამებზე გადანაწილებულიყო. ამასთანავე, ბიუჯეტში ცალკე პუნქტადაა სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ დაფინანსება (250 000 ლარი), რაც უპირველეს ყოვლისა მერიის სარეზერვო ფონდიდან უნდა ხდებოდეს.

ოპოზიციისთვის, ასევე, მიუღებელია 500 000 ლარით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დაფინანსება. მათი თქმით, მაშინ, როცა ცენტრის ფუნქცია, ძირითადად, ტურისტული რუკებისა და საინფორმაციო ბროშურების დამზადებით შემოიფარგლება, ქალაქის პოტენციალის გასაცნობად კი პირველი პირების უცხოეთში ვიზიტები ბიუჯეტის ცალკე მუხლიდან ფინანსდება, ნახევარი მილიონი ლარის ტურიზმის ცენტრისთვის გადაცემა არამიზნობრივი ხარჯია.

წინა წელთან შედარებით, წელს მერიამ ნაკლები თანხა გათვალა შემოსავლების ნაწილში. ხელისუფლება განახევრებულ შემოსავლებს ელოდება პრივატიზაციიდან, რაც ბიუჯეტის ყოველთვის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო. ქალაქის ხელისუფლება ამბობს, რომ გასაყიდი ობიექტების რესურსი ამოწურვადია და უმჯობესია ნაკლები დაიგეგმოს, ვიდრე გეგმა შეუსრულებელი დარჩეს.

2017 წელს ქალაქმა პრივატიზაციის შედეგად 6 მილიონამდე თანხა მიიღო, წელს კი გეგმა მხოლოდ 3 200 000 ლარზე გაიწერა.

შემცირებულია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელიც. მერის მოადგილე, იუზა უგულავა ამბობს, რომ მოსაკრებლის შემცირება სფეროდან ერთ-ერთი ფირმის გასვლამ გამოიწვა, რომლის უარყოფითი შედეგიც 2017 წლის ბიუჯეტზეც აისახა. კერძოდ, ქალაქის ყოფილ ხელმძღვანელობას გეგმის შემცირება და შესაბამისი ცვლილების შეტანა მოუწია.

ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის პრიორიტეტების განაწილების დროს ოპოზიციის არც ერთი შეთავაზება არ გაითვალისწინა. მათ შორის, წერილობითი ფორმით, ოფიციალურად წარუდგინა აღმასრულებელს საკუთარი რეკომენდაციები "ნაციონალურმა მოძრაობამ". ფრაქციის თავჯდომარე, გიგა შუშანია ამბობს, რომ მერიას ბიუჯეტში 7 მილიონამდე ღირებულების სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ჩადებას სთავაზობდა, რაზეც ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

"ჩვენ ვთავაზობდით, 200 ლარიანი ვაუჩერები მიგვეცა საშუალო და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის, ასევე, მედიკამენტების ვაუჩერები პენსიონერებისთვის, ყველა ახალშობილისთვის 400 ლარი და ყველა სკოლისთვის 50 000 ლარი. ეს ჯამში იყო 6- 7 მილიონამდე ლარი, რაც ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ მერიამ არც ერთი ჩვენი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა",-ამბობს გიგა შუშანია.

"ევროპული საქართველოს" საკრებულოს დეპუტატი , მერაბ მეშველიანი მიიჩნევს, რომ არსებული ბიუჯეტი არ ასახავს მოსახლეობის საჭიროებებს და ის არ არის ხალხის კეთილდღეობაზე მორგებული.

"ის, რომ ინფრასტრუქტურა აირჩიეს პრიორიტეტად, მათ თავად მიიყვანეს მოსახლეობა ამ მდგომარეობამდე. გაზრდის ნაცვლად შეამცირეს პროგრამა "კორპუსის" ხარჯები, მაშინ, როცა უამრავი პრობლემა აქვს ადამიანებს კორპუსებში. შემცირებულია სოციალური მიმართულებების დაფინასება. ეს ბიუჯეტი აბსოლუტურად არ ასახავს ქუთაისელთა მოთხოვნებს",-ამბობს მერაბ მეშველიანი.

ქუთაისის მერიას არც ბიუჯეტის პროექტის საჯაროობაზე უზრუნია. თვითმმართველობის წარმომადგენლები, პროექტის გასაცნობად,  მოსახლეობას მის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე შეხვდნენ, ფორმალური შეხვედრა გამართეს არასამთავრობო სექტორთან, რომელსაც მზა ბიუჯეტის პროექტი გააცნეს, ხოლო  დოკუმენტი მისი დამტკიცების შემდეგ გამოაქვეყნეს. 

ახლადმიღებულ ბიუჯეტში პირველი,  8 მილიონიანი ცვლილება,  ქუთაისის საკრებულომ,  31 იანვარს დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მოცულობა  62 მილიონი ლარი გახდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.